თეგებით ძიება

პრეზიდენტმა თავისი მოსაზრებების ტირაჟირება დამოუკიდებლად გააკეთოს - მიხეილ სარჯველაძე

თუ პრეზიდენტს სურს, რომ თავისი მოსაზრებების ტირაჟირება გააკეთოს, ეს შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს, მაგრამ არა პრეზიდენტის და სახელმწიფოს ინსტიტუტის სახელით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციურად ყველა შეეცდება, რომ თავისებურად თავისი ქმედებები, ამბიციები, ზრახვები, გადაწყვეტილებები თანხვედრაში მოიყვანოს კონსტიტუციასთან, ამ შემთხვევაში ცუდი არც პრეზიდენტის გულწრფელი დახმარება არ იქნებოდა ცუდი.

„ცუდი არაფერი იმაში, თუკი პრეზიდენტიც გულწრფელად ეცდებოდა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით საკუთარი წვლილი შეეტანა ამ საქმეში, მაგრამ როგორია მისი წვლილი ამასაც კარგად ვხედავთ. თუ პრეზიდენტს სურს, რომ თავისი მოსაზრებების ტირაჟირება გააკეთოს ეს შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს მაგრამ არა პრეზიდენტის და სახელმწიფოს ინსტიტუტის სახელით“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მმართველი ძალის მოტივაცია იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებისას არა 100 ხმის მოგროვება, არამედ, იმის ჩვენებაა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა რა მოსაზრებას ემხრობა, იმასთან დაკავშირებით იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.

„მნიშვნელოვანია მკაფიო პოზიციის დაფიქსირება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა არ ითანხმებს იმ რიტორიკას, რომელიც ბოლო ხანებში პრეზიდენტს აქვს ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს ევროინტეგრაცია, მათ შორის, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების შესრულება. საქართველოს მთავრობა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ სახელმწიფოს სახელით წარადგინოს პრეზიდენტმა იმ რიტორიკით, რომელიც გულისხმობს ბრალდებას, რომ თითქოს, ფასადური იყო ის რეფორმები, რომლებიც განახორციელა საქართველომ ან განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შარშან მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, იყო მართებული გადაწყვეტილება. ეს დისონანსია და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი, რომ დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო პოლიტიკური ხაზი. აქედან გამომდინარე, ეს წინააღმდეგობა იმთავითვე ნათელია. რაც შეეხება ამ პროცედურების პერსპექტივებს, ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთდა ამაზე მკაფიო განცხადება, რომ ამ შემთხვევაში ორიენტირება იქნება არა იმაზე, რომ 100 ხმა მოგროვდეს, არამედ უპირატესად იმაზე, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ვინ რა პოზიციას ემხრობა ქართულ პოლიტიკურ ისთაბლიშმენტში - ვინ შეეცდება, რომ დახლიჩოს და ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, მათ შორის იმით, რომ იძახოს, რომ ხალხი იმსახურებს და სხვა არავინ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ უნდა დაიმსახუროს ან არ დაიმსახუროს ის.

ამას გამოაჩენს ეს პროცედურები, რაც წარიმართება. ოპოზიციის არც ერთი წევრისთვის არ იქნება კომფორტული იმ პოზიციის დაცვა, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ მოგვიანებით, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციის რიგებში მყოფ თითოეულ პოლიტიკოსს ისაუბროს იმაზე, რომ პროევროპულად არის განწყობილი. ეს წარმოაჩენს ზუსტად, რომ მათთვის პრიორიტეტი არის ხელისუფლებასთან კონკურენცია და არა ქვეყნის ევროინტეგრაცია. ისინი მზად არიან ქვეყნის ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი მიზანიც გაწირონ, თუკი ამით შეძლებენ, რომ ხელისუფლება დააზიანონ“,- განაცხადა სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა