ორშაბათს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება - მამუკა მდინარაძე
50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი - საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა, თუ რატომ იწყებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას.
მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, მმართველმა გუნდმა ორდღიანი ფიქრის, მსჯელობის, პოლიტსაბჭოს ფორმატში საბოლოოდ მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საკითხი რეაქციის გარეშე არ დაეტოვებინა.
„კარგად გვაქვს ისიც გააზრებული, რომ შედეგი უდიდესი ალბათობით ამას არ მოჰყვება იმიტომ, რომ უკვე ვნახეთ ჩვენი ოპონენტების რეაქციები, როგორ გადაეფარნენ ადამიანს,რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და გახდნენ კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები, მაგრამ ისევ ვფიქრობთ, რომ რეაქციის გარეშე დატოვება არ შეიძლება, ხაზგასმით ვამბობ, ადამიანის, პიროვნების მიერ რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა იყოს, ამ კონსტიტუციის დარღვევა. ეს რეაქცია ჩვენს მიერ არის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა, შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის აღძვრა. რა თქმა უნდა, 50 ხელმოწერა ჯერ მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე გაცილებით მეტი ხელმოწერა იქნება და სამწუხაროა, რომ ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.