თეგებით ძიება

თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თენგიზ ცერცვაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"მიგრაციის გააქტიურება და აივ ინფექციის ეპიდსიტუაცია საქართველოში.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას. 

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ა.წ. 11 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც მოსახლეობას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა (მათ შორის მიგრანტებზე).  აგრეთვე გაზარდა აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდება (მათ შორის მიგრანტებისთვის). მივუთითეთ შესაბამისი ფაქტებიც და რიცხვებიც. 

საკითხის აქტუალობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე გვინდა კიდევ ერთხელ მივაწოდოთ მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია. 

უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში სადღეისოდ მცხოვრებ აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა 8500-ია და არა 10 ათასზე მეტი, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს. ეს რიცხვი (10 170) მათ სავარაუდოდ აიღეს შიდსის ცენტრის მორიგი პრეს რელიზიდან (რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ) და იგი ასახავს არა დღეისთვის საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულების რაოდენობას, არამედ საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან (1989 წ) დღემდე შიდსის ცენტრში  ოფიციალურად რეგისტრირებული აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობას, რომელთა რიცხვში შედიან გარდაცვლილები და ქვეყნიდან წასულებიც. 

რაც შეეხება 2023 წლის პირველი 6 თვის (იანვარი-ივნისი) პერიოდში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლადგამოვლენილი შემთხვევეების 6%-ით ზრდას, ჩვენ ანალიზის საფუძველზე ვუთითებდით, რომ ეს დაკავშირებული იყო არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19-ის პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2023 წლის პირველი 8 თვის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობა (393) პრაქტიკულად არ განსხვავდება 2022 წლის ანალოგიური პერიოდში გამოვლენილი აივ/შიდსით ავადმყოფების რაოდენობისგან (394). 

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მიგრანტებთან, რათა ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში და შედეგიც გვაქვს. ბოლო 20 თვის მანძილზე მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 226 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 96 და უკრაინის 81 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ. 

აივ/შიდსის ახალი შემთხვევების პრევენციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პრეექსპოზიციური პრევენციის (PREP) პროგრამის წარმატებულ განხორციელებას, რომელიც გულისხმობს, რომ მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელი (არა აივ ინფიცირებული) პირები, მათი სურვილის შემთხვევაში უფასოდ იღებენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, რაც აივ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი მათ საიმედოდ იცავს აივ დაინფიცირებისგან. საქართველო ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას. დღემდე ამ პროგრამით ისარგებლა სულ 1532 მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელმა (არა აივ ინფიცირებულმა) პირმა და არცერთი მათგანი აივ-ით არ დაინფიცირებულა. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში შიდსის ცენტრი PREP-ის ფარგლებში მოემსახურა უცხოეთის 300-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის და უკრაინის 289 მოქალაქეს. 

რაც შეეხება მიგრანტებისთვის აივ ინფექციაზე კვლევის აქტიურ შეთავაზებას, ეს სენსიტიური საკითხია და მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზღვარზე შემომსვლელთა სავალდებულო ტესტირებას ან მათ მიერ აივ სტატუსის შესახებ დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას, რადგან ითვლება, რომ ეს იქნებოდა მიგრანტების ძირეული უფლებების დარღვევა. ევროპის მხოლოდ 15 ქვეყანა აძლევს მიგრანტებს რეკომენდაციას (მხოლოდ რეკომენდაციას) აივ ინფექციაზე ტესტირებაზე და მათგან მხოლოდ 3 ქვეყანა სთავაზობს მიგრანტებს აივ-ზე ნებაყოფლობით ტესტირებას. ამავე დროს რიგი ქვეყნები (ისინი უმცირესობაში არიან), მაგ.: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, სინგაპური, მალაიზია და სხვ. ითხოვენ თავშესაფრის მაძიებლებისათვის, მოქალაქეობის და ბინადრობის მთხოვნელთათვის, ხანგრძლივი დროით (3 თვეზე მეტი) დამრჩენთათვის აივ ნეგატიური სტატუსის დამადასტურებელ სერტიფიკატს. 

გარკვეულ უხერხულობასთანაა დაკავშირებული აგრეთვე იზოლირებულად რუსი მიგრანტების აივ/შიდსზე გამოკვლევა. მით უმეტეს, რომ საქართველოში შემოდიან მიგრანტები, მათ შორის სტუდენტები, ისეთი ქვეყნებიდანაც, სადაც აივ/შიდსის პრევალენტობა და ახალი შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში. 

მიგვაჩნია, რომ დღევანდელი სიტუაციის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის (მოქალაქეობის ან ბინადრობის მოთხოვნა, თავშესაფრის მაძიებლები, ხანგრძლივი დროით, მათ შორის სასწავლებლად ჩამოსულები და სხვ.) საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება. ამასთან აივ დადებითი სტატუსი არ იქნება დაბრკოლება ქვეყანაში შემოსასვლელად, უბრალოდ მათ შევთავაზებთ პრევენციულ და სამკურნალო პროგრამებში ჩართვას. 

მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს შიდსის სამსახურის და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით თავიდან აიცილა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე  უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით და რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა. 

და კიდევ ერთი. საერთო საქმისთვის კარგი იქნება, თუ კერძო კლინიკები და არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები სიტყვიდან საქმეზე გადავლენ და სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ხელს შეუწყობენ აივ/შიდსის პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის მიგრანტებთან, კერძოდ: გაზრდიან აივ/შიდსზე სკრინინგს, შეიმუშავებენ და გაავრცელებენ (მათ შორის მიგრანტებში) ვიზუალურ, აუდიო და ბეჭდურ მასალას აივ/შიდსის პრევენციის საკითხებზე და იმუშავებენ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების ცნობიერების ამაღლებაზე“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა