ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ - შალვა პაპუაშვილი
დღეს ვმასპინძლობთ ჩემს კოლეგა ამირ ოჰანას, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის - ქნესეთის თავმჯდომარეს. ქართველ და ებრაელ ხალხს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და სწორედ ეს მტკიცე კავშირები ქმნის მყარ საფუძველს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით.
„ვაფასებთ ამ ვიზიტსა და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელ რთულ, გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ ვითარებაში შედგა. მადლიერები ვართ ისრაელის სახელმწიფოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდ დინამიკას. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის ნაყოფიერი ვიზიტები ისრაელის სახელმწიფოში. ბატონი ოჰანას ვიზიტი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებაა და მჯერა, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.