სანამ სააკაშვილის როლზე არ ისაუბრებს, მანამდე მისი აღიარება უბრალოდ მანევრია - ჩერგოლეიშვილი გაბუნიაზე
„ტაბუას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი გაბუნიას დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა:
„სანამ გაბუნია სააკაშვილის როლზე არ ისაუბრებს ოპოზიციური ტელემედიის სრული გაუპატიურების პროცესში, მანამდე მისი აღიარება უბრალოდ მანევრია და არა შეცდომის გააზრება, მითუმეტეს - გამოსწორება“ - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ, გადაცემაში „შენი შუადღე“, არხზე განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, „მთავარ არხზე“ „ძირეული“ ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც, მისივე განმარტებით, ახლა ის „ნაცების ტელევიზია“ აღარაა.
„სამწუხაროდ, „ნაცების“ ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, „ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“, - თქვა გიორგი გაბუნიამ.