თეგებით ძიება

"რა შემიძლია ვთქვა პუტინის შესახებ? ის ბოროტების განსახიერებაა..." - მიხეილ სააკაშვილი

კონფერენციაზე სახელწოდებით, "პუტინიზმის დამარცხება" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა წაიკითხეს. წერილში მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტთან ურთიერთობის გამოცდილებას იხსენებს და აღნიშნავს, რომ პუტინიზმი უფრო დიდი საფრთხეა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის, ვიდრე თვითონ პუტინი:

"ეს კონფერენცია ცოტათი დაგვიანებით ტარდება. ის უნდა ჩატარებულიყო 2007 წელს ან 2013 წელს მაინც და მას უნდა რქმეოდა „როგორ შევაჩეროთ პუტინი“. სამწუხაროდ ადამიანები ყველაფერს ნელა ვსწავლობთ და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს განვიხილავთ, როგორ დავამარცხოთ პუტინი. თუმცა, მართალია, პუტინი მართლაც საშიში და უსიამოვნო ფიგურაა, მისი პერსონის პრობლემა არაფერია იმ საფრთხეებთან შედარებით, რომელსაც პუტინიზმი უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას. 

მე 30-ჯერ მაინც შევხვედრივარ პუტინს და ამ შეხვედრების უმეტესობა პირისპირ გაიმართა. მე ვცდილობდი, რომ მასთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები დამემყარებინა, მაგრამ ამისთვის არასდროს გამიწირავს საკუთარი ქვეყნის ინტერესები. საბოლოოდ, 2008 წელს, მე წინააღმდეგობა გავუწიე მის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ოდესის გუბერნატორობის დროსაც ვიბრძოდი მის წინააღმდეგ.

რა შემიძლია ვთქვა პუტინის შესახებ? ის ბოროტების განსახიერებაა, არასანდო, ორპირი, რომლისთვისაც ტყუილის თქმა ჩვეულებრივი რამ არის. ის ბოროტებას თვითრეალიზების საშუალებად მიიჩნევს, ხოლო თავმდაბლობას - ნაკლად, სისუსტის ნიშნად.

ამიტომ, მასთან ბრძოლისას მთავარია ვაჩვენოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ და არაფრის გვეშინია. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მისი დაშინება ძალიან ადვილია, თუ სიმამაცეს დავუპირისპირებთ. მასთან ბრძოლისას უნდა იყოთ ნოვატორული, სპონტანური და არაპროგნოზირებადი, რადგან ასე ის ადვილად იბნევა, რადგან ამისთვის მზად არ არის. ხშირად შეახსენეთ მას, რომ ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. მერწმუნეთ, ფიქრი იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს უკრაინაში და სხვაგან ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს, მას ძალიან აშინებს და ღამით ამას კოშმარულ სიზმრებში ხედავს.   

საქართველოში კი პუტინის დამარცხება შესაძლებელია, თუ აიძულებთ რუს ოლიგარქს, რომ მე გამათავისუფლოს. მე პუტინის პატიმარი ვარ და მისთვის ეს ნამდვილი ალიყური იქნება, თუ დაინახავს, როგორ დავდივარ თავისუფლად კიევისა და თბილისის ქუჩებში", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა