მიუხედავად იმისა, რას იტყვის საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ - ალეკო ელისაშვილი
ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების" ნების საწინააღმდეგოდ წავა, დიდი ალბათობით იტყვიან, რომ დარღვევაა - მიუხედავად იმისა, რას იტყვის სასამართლო, იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს არც მისი და მისი თანაპარტიელის, ქეთევან თურაზაშვილის მხარდაჭერა არ ექნება.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერთ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. საკონსტიტუციო სასამართლო რას იტყვის, დაარღვია თუ არ დაარღვია, ამის მიუხედავად, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს იმპიჩმენტს.
ჩვენ რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი იქნება და ეჭვშეუტანელი, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ნაკლები მოლოდინი მაქვს "ქართული ოცნების" ნების საწინააღმდეგოდ წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლო, დიდი ალბათობით იტყვიან, რომ დარღვევაა, თუ ეს ასე არ იქნება ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, კი ბატონო, მაგრამ ასე ველი მოვლენების განვითარებას. კარგია, რომ 100 ხმა სჭირდება იმპიჩმენტს, რთულად წარმომიდგენია რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს ამას.
თუ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს იმის გამო, რომ პრეზიდენტი არ შეიწყალებს სააკაშვილს, ხომ გაიგებთ, რასაც ამდენ ხანს ვამბობდი, რომ ძირითადი საყრდენი "ქართული ოცნების" ხელისუფლების სინამდვილეში "ნაციონალური მოძრაობაა", რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრიობა არ გააჩნია,"- განაცხადა ელისაშვილმა.