მშვიდობა ჰორიზონტზე არ ჩანს - ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე
"რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, თუმცა თურქეთი მზადაა გახდეს შუამავალი მოლაპარაკებებში“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ომი, რომელიც 1,5 წელია დაიწყო, ახლაც გრძელდება. არც მშვიდობის იმედიანი პერსპექტივა ჩანს ჰორიზონტზე“, - განაცხადა ერდოღანმა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთის პოზიცია ომთან დაკავშირებით არ იცვლება.
„პირველივე დღიდან ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობის, დიალოგისა და დიპლომატიის მომხრე. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა სისხლის ღვრა“, - აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 4 სექტემბერს სოჭში ჩაფრინდა პუტინთან შესახვედრად. ვიზიტის წინ, მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს და უზრუნველყოს ყველა სახის მხარდაჭერა, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩათვლით, რათა უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის.