თეგებით ძიება

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და აწუხებთ საქართველოს პერსპექტივა, ევროპული მომავალი, საქართველოს განვითარება, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში და წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში; საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის პლატფორმა არა მხოლოდ კონკრეტული დარგის პროფესიონალებისა და გამოჩენილი თუ წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს პლატფორმას და შესაძლებლობას საკუთარი აქტივიზმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ენერგია გარდაიქმნას ქმედებებად, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და წინ წაგვწევს ამ პროცესში. ჩვენი პირველი აქტივობა შემდეგია: მხარი დავუჭიროთ და ერთად ვიმოქმედოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. რამდენიმე თვეა დარჩენილი სტატუსის მიღებამდე და ამ დროს, როდესაც საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, საზოგადოების პოლარიზება და ა.შ., გვინდა, ჩვენი აქტივობებით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მოვახდინოთ იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ სტატუსი. კონსოლიდირებული საზოგადოებრივი აზრი, მოქალაქეების ხმა ყოველგვარი ბარიერების გარეშე პირდაპირ მივაწვდინოთ ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენი ანუ ქართველი ხალხის ხმა არ ჟღერდება ან არ ისმის ისე ხშირად ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში ჩვენი მთავრობის მხრიდან ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ ისმოდეს, შეგვიძლია, თავად მივიტანოთ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებამდე და უპირველესად, ევროკავშირამდე.

ვფიქრობთ, რომ სტატუსის მიღება არის საკითხი, რომელიც შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ევროპას საზოგადოების კონსოლიდირებას ვუჩვენებთ ამ გადაწყვეტილების გარშემო, ეს მათ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. კონკრეტული ქმედებების შესახებ ღონისძიებაზე ვისაუბრებთ, სადაც ჩვენს ხედვებს წარვადგენთ, თუმცა ეს იქნება ისეთი აქტივობები, რაც ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც სვამს კითხვას, რა შემიძლია მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომ გავაკეთო, რომ ჩემი ხმა ევროპას მივაწვდინო, საშუალებას მისცემს ამ ტიპის აქტივობებში ჩაერთოს სხვადასხვა ფორმით. გვინდა, რომ დარჩენილ პერიოდში შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, სადაც ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა