დაკარგული კატა პატრონებს 11 წლის შემდეგ დაუბრუნდა
ავსტრალიის კუინსლენდის შტატში მცხოვრებ ოჯახს დაკარგული კატა 11 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ინფორმაციას 9 News ავრცელებს.
კატა, სახელად ლუსი სიმპსონების სახლიდან 2012 წელს გაუჩინარდა, როდესაც მხოლოდ ორი წლის იყო. პატრონები კატას თითქმის ათი წელი ეძებდნენ, მაგრამ ბოლოს შინაური ცხოველის დაბრუნების იმედი დაკარგეს.
ერთ დღეს ოჯახს ცხოველთა კეთილდღეობის ლიგადან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ლუსი გამოჩნდა. „ყურებს არ ვუჯერებდი. 11 წლის შემდეგ ჩემი კატა გამოჩნდა და გამაბედნიერა“, - ამბობს რებეკა სიმპსონი.
საბოლოოდ გაირკვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ლუსი სიმპსონების სახლიდან ხუთი წუთის სავალზე, მოხუც ქალთან ცხოვრობდა. როდესაც ახალი პატრონი გარდაიცვალა, კატა ცხოველთა კეთილდღეობის ლიგის თავშესაფარში აღმოჩნდა. თავშესაფრის თანამშრომლებმა ლუსის მიკროჩიპი შეამოწმეს და მისი ყოფილი მფლობელის ვინაობა დაადგინეს.
„ ეს შემთხვევა ადასტურებს ცხოველების მიკროჩიპების მნიშვნელობას”, - თქვა ცხოველთა კეთილდღეობის ლიგის წარმომადგენელმა კრეიგ მონტგომერიმ.
ახლა ლუსი თავის ძველი პატრონის სახლში ბედნიერად ცხოვრობს.