პანდემიის დროს საკარანტინე ზონად მომუშავე რამდენიმე სასტუმროს კუთვნილი ფული დღემდე არ მიუღია - გიორგი ბურჯანაძე
2020 წელს, საქართველოში Covid-19- ინფექციის გავრცელების შემდეგ მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების უცხო ქვეყნებიდან გამოყვანა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მათი ე.წ. საკარანტინე ზონებში განთავსება დაიწყო. „საკარანტინე ზონებად“ სახელმწიფო სასტუმროებს ქირაობდა და 14 დღის განმავლობაში მოქალაქეების ცხოვრებისა და კვების ხარჯებს ანაზღაურებდა.
სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა 2020 წლის 10 მარტიდან დაიწყო და პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტში ჩართული სასტუმროების ნაწილს საკარანტინე ზონად მუშაობისთვის განკუთვნილი თანხები დღემდე არ მიუღია. TIA.GE-ს „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე ესაუბრა.
- გემახსოვრებათ, რომ 2020 წელს გამოცხადებულ კოვიდპანდემიის გამო მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო საკარანტინე სივრცეში მოექცა. შესაბამისად, საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეს და შემოსულ სტუმარს საკარანტინე სივრცის გავლა უწევდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საშუამავლო კომპანიების გამოსავლენად ტენდერი ჩატარდა და ამ კომპანიებს სასტუმროებისთვის ჩასარიცხი თანხები გადაეცათ. ერთ-ერთმა ასეთმა საშუამავლო კომპანიამ, „სპორტს დეველოპმენტმა“, რომელსაც ახალგაზრდა კაცი, გიორგი შანიძე ხელმძღვანელობს, ქობულეთის რამდენიმე სასტუმროსთან ხელშეკრულება დადო და ვალდებულება აიღო, რომ ვიზიტორებს შეიყვანდა და სასტუმროები საკარანტინე სივრცით მოემსახურებოდნენ. ამ კომპანიას ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან სტუდენტები სასწავლო ვიზით ჩამოჰყავდა, რომლებიც შემდეგ საქართველოში არალეგალურრად რჩებოდნენ. სასტუმროების მხრიდან ვალდებულება პირნათლად შესრულდა, თუმცა საქმე რომ თანხების ჩარიცხვამდე მივიდა, შანიძემ საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა. სამწუხაროდ, სასტუმროებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხები ფაქტობრივად, ასეთ კორუფციული მექანიზმით მიითვისეს და დღემდე ამისთვის პასუხი არავის უგია.
- რამდენი ადამიანი დაზარალდა და რამდენს შეადგენს მათთვის გადასახდელი თანხა?
- კომპანიისგან დაზარალდნენ თბილისის, ქუთაისის, ქობულეთის და ბორჯომის რაიონის რამდენიმე საოჯახო სასტუმროს მფლობელი და ერთიანობაში ამათი დავალიანება 200 000 ლარს აღემატება.
- „სპორტს დეველოპმენტი“ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობას რით ხსნის?
- კომპანიის ხელმძღვანელი უკვე მეოთხედ პირდება დაზარალებულებს თანხების ჩარიცხვას, მაგრამ პირობას არ ასრულებს. შანიძე დაზარალებულებს ხშირად უმეორებს, რომ მთავრობამ თანხები არ ჩაურიცხა, რომ კახა კალაძის სახით ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს და ა.შ. მაგრამ ყველაფერი ტყუილია. სახელმწიფომ თანხა სრულად ჩაურიცხა, მაგრამ ფული სასტუმროების მფლობელებამდე არ მისულა. რაც შეეხება კალაძესთან კავშირს, ესეც სრული სიცრუეა. შანიძე პირწავარდნილი თაღლითია, რომელიც ჯერჯერობით ახერხებს კანონისთვის გვერდის ავლას.
- როგორ?
- არ მინდა სამართალდამცავებს რამეში ბრალი დავდო, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, რომ გამოძიებები წლების მანძილზე გრძელდება, მაგრამ ამასობაში ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოს მიმართ აღებული ვადებულებები პირნათლად შეასრულეს, კუთვნილ ფულს ვერ იღებენ და პრობლემები ექმნებათ. სამი წელია აწარმოებენ დაზარალებულები ამ ადამიანთან მოლაპარაკებას. ამბობენ, ჩვენ მისი დაჭერა არ გვაინტერესებს ჩვენი ფულის დაბრუნება გვინდაო, მაგრამ უკვე ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ შეიძლება დაჭერაც მოითხოვონ. გასაკვირია, რომ სამართალდამცავები დღემდე სათანადოდ არ დაინტერესდნენ სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო. სამწუხაროა, რომ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები დაზარალდნენ და ვიღაცამ სახელმწიფო ფული ჯიბეში ჩაიდო.
და ბოლოს, თუ წერილში დასახელებული კომპანია - „სპორტს დეველოპმენტი“-ს ხელმძღვანელს გიორგი შანიძეს ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტების ან პასუხის გაცემის სურვილი გაუჩნდება, TIA. GE ამის საშუალებას აუცილებლად მისცემს.
თანდართული ფაილები: