თურქეთში განზრახ მკვლელობისთვის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია მოხდა - პროკურატურა
გენერალური პროკურატურის ცნობით, თურქეთის რესპუბლიკაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.
უწყება ამბობს, რომ პირი 2022 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ სტამბოლში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს თურქ კოლეგებს.