ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი?
„ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი ამ მოკლე პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა სამ რეკომენდაციაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ მოვისმინეთ შეფასება, რომ 3 რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და დანარჩენზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ჩვენი მხრიდან. ამაში გვაქვს განსხვავებული მიდგომა. არსებობს მოსაზრება, რომ 9 რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულება, რამდენიმე არის დარჩენილი, რაც მე ვისაუბრე. ძირითადად მე გამოვყოფდი 3 რეკომენდაციას, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლა, ეს არის დეპოლარიზაცია, მაგრამ აქ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობა. მეორეს - ეს არის დეოლიგარქიზაცია, ამაზე ჩვენ ძალიან მალე, 1-2 კვირაში დავასრულებთ მუშაობას და წარვადგენთ სამოქმედო გეგმას, ხედვას, როგორი უნდა იყოს ამ საკითხის დარეგულირება, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში და მესამე - ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც მე ვრცლად ვისაუბრე, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიიდან. ამის შემდეგ მოხდება ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.