კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, კეტჩუპი „PRIMO“-ს ნიმუშში (დამამზადებელი შპს „სანფუდი“, სომხეთი, ერევანი, შირაკის N 1/68. ნეტო: 200 გ.; დამზადების თარიღი: 03.06. 2023 წელი; დისტრიბუტორი საქართველოში: ი/მ გაგიკ კობალიან, ს/კ 07001011888, ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. 61/10) აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავი Sudan I გამოვლინდა.
„სააგენტოს ინსპექტორებმა ი/მ „გაგიკ კობალიანს“ აუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ამავდროულად, სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს კეტჩუპი „PRIMO“-ს ზემოაღნიშნული პარტია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.