სოფელ შრომისუბანში სტიქიამ სკოლის შენობა დააზიანა - განადგურებულია ინფრასტრუქტურა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში სტიქიამ სკოლის შენობა დააზიანა, პირველი სართული კი სრულად გამოუსადეგარია.
შრომისუბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ხომერიკი აცხადებს, რომ განადგურებულია სასკოლო ინფრასტრუქტურაც.
"ძლიერი წვიმის შედეგად გადმოვიდა ღვარცოფი, დააზიანა სკოლის შენობა და გაანადგურა სასკოლო ინფრასტრუქტურა. პირველი სართული სრულად გამოუსადეგარია. საკლასო ოთახები სრულად იყო გარემონტებული, სასწავლო პროცესის დასაწყებად მომზადებული, მხოლოდ დერეფანი იყო სარეაბილიტაციო, თუმცა ახლა ყველაფერი დაზიანებულია. განადგურებულია ეზოც, ღობეც, დამხმარე ნაგებობებიც. წარმოუდგენელია როგორ უნდა განვაახლოთ სწავლა", – აცხადებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 სექტემბერს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს. მათგან 2 ბავშვია.