საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა - რატომ არის ეს ხარისხიანი მშენებლობის ფუნდამენტი?
ნებისმიერი მასშტაბური მშენებლობა იწყება არა საძირკვლის გათხრით, არამედ იმ ფარული პროცესების შესწავლით, რაც მიწის ზედაპირის ქვემოთ მიმდინარეობს. ხშირად, სამშენებლო პროექტებში დაშვებული ფუნდამენტური შეცდომები სწორედ გეოლოგიური მონაცემების უგულებელყოფის შედეგია. იმისთვის, რომ ნაგებობამ გაუძლოს დროს, სეისმურ დატვირთვებსა თუ გარემო ფაქტორებს, მშენებლობის პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ზუსტ საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას.
ამრიგად, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ხარისხიანი მშენებლობის გარანტია, რადგან ის უზრუნველყოფს:
ნიადაგის ტიპის დადგენასა და ფუნდამენტის სწორად შერჩევას
ფუნდამენტი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც კონსტრუქციის მდგრადობას, დატვირთვის სწორ გადანაწილებასა და შენობის სტრუქტურის მთლიანობას განსაზღვრავს. ნიადაგის ტიპის მიხედვით დგინდება ფუნდამენტის მასალა და მისი დამუშავების ტექნიკა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ნიადაგის მდგომარეობა თავიდანვე იყოს გამოკვლეული და სამშენებლო მასალებიც ამ დასკვნის საფუძველზე შეირჩეს, რათა მომავალში არ მოხდეს კონსტრუქციის დეფორმაცია, კედლებზე ნაპრალების გაჩენა და შენობის ნგრევა.
მიწისქვეშა წყლების ანალიზს
მიწისქვეშა წყლების მოძრაობის სიჩქარისა და მიმართულების განსაზღვრა აუცილებელია, რადგან მოძრავმა წყლებმა, შესაძლოა, ნიადაგის ჩამოშლა და ეროზია გამოიწვიოს, ხოლო მაღალი წყლის დონის დროს შეიძლება აუცილებელი გახდეს სპეციალური სადრენაჟო არხების მოწყობა და ჰიდროიზოლაციის გამოყენება. ამასთან, თუ ტერიტორია დატენიანებულია, საჭიროა წყალგაუმტარი მასალების გამოყენება და მშენებლობისას შესაბამისი საიზოლაციო ფენების მოწყობა.
სეისმური მდგომარეობის დადგენას
გეოლოგიური ანალიზის შედეგად შესაძლებელი ხდება სეისმური რისკების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციის გამაგრება. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით დგინდება, კონკრეტული ტიპის გრუნტი როგორ რეაგირებს მიწისძვრაზე. მაგალითად, მყარი კლდოვანი ნიადაგი მიწისძვრის დროს ნაკლებად ირყევა და სტაბილურია, ხოლო ქვიშიანი ნიადაგი, შესაძლოა, მარტივად დაიშალოს და ფუნდამენტის დაზიანება გამოიწვიოს.
ახლომდებარე ტერიტორიების გამოკვლევას
მშენებლობის საწყის ეტაპზე აუცილებელია არა მხოლოდ ნაგებობის ქვეშ არსებული ნიადაგის შესწავლა, არამედ მიმდებარე ტერიტორიის კვლევა, გარემოს ანალიზი, რათა მისი სტაბილურობის, გეოდინამიკური პროცესების შესწავლამ და გრუნტის მოძრაობის პროგნოზირებამ უზრუნველყოს მომავალი კონსტრუქციის მდგომარეობა.
ასევე, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ძველი შენობები, გაყვანილი გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები, საჭიროა მათი საძირკვლის, წყლის სისტემების, საკანალიზაციო ხაზების გათვალისწინებაც, რადგან ეს გარკვეულ გავლენას იქონიებს ახალ მშენებლობაზეც.
შეიძლება ითქვას, რომ საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა ძირითადად შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
ტერიტორიის გეოლოგიური აღწერა - ნიადაგის შემადგენლობის, მისი ფენების ანალიზი;
ჰიდროგეოლოგიური კვლევა - გრუნტის წყლის დონის, მიმართულებისა და შემადგენლობის განსაზღვრა;
გეოლოგიური საფრთხეების შეფასება - მეწყრის, ეროზიის რისკების ანალიზი. სეისმური მდგომარეობის შეფასება, რეგიონში მოსალოდნელი მიწისძვრის ინტენსივობისა და სიხშირის დადგენა;
ნიადაგის ტიპის დადგენა და საშუალო დატვირთვის შეფასება.
რაც შეეხება თავად საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას, ის შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
წინასწარი კვლევა და ტერიტორიის შესწავლა - პირველ რიგში, სპეციალისტები სწავლობენ არსებულ გეოლოგიურ მონაცემებს, ათვალიერებენ ადგილს, რელიეფს და ამოწმებენ გეოლოგიურ პირობებს.
ნიმუშების აღება - საბურღი მანქანის მეშვეობით, მინიმუმ 8 მეტრის სიღრმიდან იღებენ ნიადაგს ლაბორატორიაში გადასაგზავნად;
ლაბორატორიული კვლევა - ნიადაგის სინჯები მუშავდება ლაბორატორიაში, სადაც მის მექანიკურ, ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს იკვლევენ;
დასკვნის მომზადება - ჩატარებული კვლევის საფუძველზე მზადდება საბოლოო დასკვნა და გაიცემა რეკომენდაციები.
ამგვარად, მშენებლობის პირველი ეტაპი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის მომზადებას გულისხმობს, რომელიც შენობის უსაფრთხოებას, მდგრადობას და კონსტრუქციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული დასკვნა ლიცენზირებულმა და კვალიფიციურმა ჯგუფმა უნდა მოამზადოს.
საბოლოო ჯამში, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული ფორმალობა - ეს არის ნებისმიერი სამშენებლო პროექტის უსაფრთხოების საძირკველი. მიწისქვეშა ფარული რისკების, იქნება ეს გრუნტის არასტაბილურობა, მიწისქვეშა წყლები თუ სეისმური საფრთხეები, წინასწარი იდენტიფიცირება პროექტს იცავს კატასტროფული ფინანსური ზარალისა და კონსტრუქციული დაზიანებებისგან.