თეგებით ძიება

გურიაში საფრთხის დონე შემცირებულია - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სპეციალისტების ჯგუფზე დაყრდნობით შეფასებულია როგორც გურიის მხარეში შექმნილი სიტუაცია, ისე სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული მდგომარეობა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის შეგუბები აღინიშნებოდა. 

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში კვლევების საფუძველზე აცხადებენ, გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში, სადაც სპეციალისტებმა ვერტმფრენით შემოვლა განახორციელეს, მდინარე მაგანას ხეობასა და მის შენაკადებზე შეგუბებები, ან რაიმე ტიპის მეწყრულ გრავიტაციული პროცესების კვალი არ დაფიქსირებულა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფები მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების მეწყრული პროცესებისაგან დაზიანების ხარისხის შესაფასებლად სტიქიის ზონაში რჩებიან და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესწავლას აგრძელებენ. სპეციალისტების მიერ ადგილზევე გაიცემა რეკომენდაციები შემდგომი ქმედებებისათვის. ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ.

როგორც ცნობილია, 8 სექტემბერს, ღამის საათებში, გურიის მხარესა და აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაღალმთიანი გურია, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ბოლო 10-15 წლის მანძილზე ერთ-ერთ რთულ მხარეს წარმოადგენს. ამ ეტაპზე სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია. ასევე, დღეს დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვერტმფრენით შემოვლა განახორციელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის ტერიტორიაზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მდინარის შეგუბები აღინიშნებოდა. დათვალიაერების შედეგად მდინარე მაგანას ხეობასა და მის შენაკადებზე შეგუბებები, ან რაიმე ტიპის მეწყრულ გრავიტაციული პროცესების კვალი არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გურიაში 8 სექტემბერს მომხდარ სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი - მოზარდი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა