სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა - კახა კალაძე
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტისთვის გამოყენების თაობაზე ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს კითხვები დაუსვეს.
„პრემიერ-მინისტრთან და მის ოჯახთან დაკავშირებით მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა. პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტით გამოიყენა თვითმფრინავი და ამაში ბიუჯეტის თანხები დახარჯა. შემდეგ, გაირკვა, გაერკვნენ იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა, თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხდებოდა ასეთი ფრენების განხორციელება პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება, ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს დღეს ნიჭიერი შვილები ჰყავს, იგივე თუნდაც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავიანთი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები“, - აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.