თეგებით ძიება

80-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, დენის გარეშე კი 20-მდე აბონენტია დარჩენილი - ოზურგეთის მერი

ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ცნობით, მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ის ამბობს, რომ ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები და მეწყერსაშიშ ადგილებს აფასებენ.

მისივე თქმით, ქალაქ ოზურგეთს წყალმომარაგება სრულად აღუდგა. თუმცა, 80 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. 20-მდე აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მერის კომენტარს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

"ტექნიკა ისევ აქტიურად აგრძელებს სამუშაოებს. ორმეთში ხიდი იყო დაზიანებული და დღეს მოხდება მისი აღდგენა. ასევე მოხდება გზების გასწორება, რომ თავისუფლად შეძლონ მანქანებით გადაადგილება. ოზურგეთში, გვიან ღამით 186 აბონენტს წყალმომარაგება აღუდგა და ამ ეტაპზე ქალაქში სრულად აღდგენილია. 250-ზე მეტ ოჯახს მივაწოდეთ გუშინ სურსათი და მედიკამენტები. ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. ბუნებრივი აირი 80-მდე აბონენტს არ მიეწოდება, შესაბამისი კომპანია მუშაობს და ეს პრობლემაც მოგვარდება. ელექტროენერგიის გარეშე მხოლოდ 20 აბონენტამდეა დარჩენილი.

გეოლოგები აქტიურად მუშაობენ სოფლებში. პარალელურად, ჩვენი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ ზარალს აღწერენ და აფასებენ, ასევე ასურათებენ სახლებს. აღწერას უნდა დაემთხვეს გეოლოგების შეფასება, რადგან გეოლოგი თუ იტყვის, რომ იმ ლოკაციაზე არ იცხოვრება, ასეთ დროს უნდა მოხდეს ოჯახის გასახლება.

ამასთან, გეოლოგები მეწყერსაშიშ ლოკაციებს აფასებენ, რომ არ მოხდეს წყლის შეგუბება", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა რეგიონის რამდენიმე სოფელი.

გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა