თეგებით ძიება

"რუსული პროპაგანდის ლოგიკაც ესაა, შესაბამისად, ქოცური პროპაგანდაც ამას ემყარება" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სხვისი შეცდომებით და უსაქციელობით საკუთარი უსაქციელობის გამართლება ძალიან ძველი ტაქტიკაა. 

"სხვისი შეცდომებით და უსაქციელობით საკუთარი უსაქციელობის გამართლება ძალიან ძველი ტაქტიკაა. 

რუსული პროპაგანდის ლოგიკაც ესაა, შესაბამისად, ქოცური პროპაგანდაც ამას ემყარება. 

ამას აღწერს ორუელი ცხოველების ფერმაში  -  აგვიტანეთ ღორები, თორემ ჯონსი, ნიკოლოზ მეორე, მიშა, შიშა, ომი, კაცების იძულებით ქალებად გადაკეთება, ბუა... მოვა.

ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო ბორტით, კერძო მიზნებით ფრენა, ისეც და ასეც, რბილად რომ ვთქვა, ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, მიუხედავად იმისა შევარდნაძეს, გამსახურდიას, ან მიშას როგორ უფრენია - ეს ხომ ნათელია. 

მაგრამ ქართული ოცნების პროპაგანდა, ზუსტად ისე, როგორც რუსული პროპაგანდა აწყობილია არა საკუთარი სიმართლის მტკიცებაზე, არამედ სხვის დისკრედიტაციაზე - სხვისი შეცდომებით  (გამოგონილი,  ან რეალური) საკუთარი უსაქციელობის გამართლებაზე. 

თუმცა, ორუელის აღწერილ რეალობასა და დღევანდელობას შორის ერთი თვისობრივი განსხვავებაა. 

ორუელი ტოტალიტარულ საზოგადოებას აღწერს, სადაც თავისუფალი სიტყვა მთლიანად გამქრალია.

რუსეთიც გაცილებით მეტად ტოტალიტარული სახელმწიფოა და სიტყვაზე გაცილებით დიდი კონტროლია - ჯერჯერობით, ჩვენდა საბედნიეროდ.

საქართველო ავტორიტარული ქვეყანაა, მაგრამ რეჟიმისგან დამოუკიდებელი სიტყვა გაცილებით უფრო ფართოდაა წარმოდგენილი ვიდრე ორუელის სამყაროში, ან რუსეთში.

რატომ ხდება, რომ საქართველოშიც, სადაც გაცილებით ნაკლებად შეზღუდულია სიტყვა, ოცნების პროპაგანდა ასე ეფექტურად მუშაობს?

რატომ ვერ ერევა თავისუფალი სიტყვა ოცნების პრიმიტიულ პროპაგანდას?

იმიტომ, რომ პროპაგანდას რა სიტყვაც უპირისპირდება, არც ისაა თავისუფალი.

ისიც პროპაგანდაა.

პროპაგანდას კი პროპაგანდით ვერ დაამარცხებ

ავხსნი ამ კონკრეტულ შემთხვევაში  რას ვგულისხმობ (განზოგადება თავისუფლად შეიძლება):

ერთია, რაც თავში ვთქვი  - სხვისი წარსული შეცდომებით, საკუთარი აწმყო უსაქციელობის გამართლება.

მაგრამ მეორეა სრული უუნარობა და მიუღებლობა ისაუბრო საკუთარ შეცდომებზე.

როდესაც ხელისუფლება პრემიერის მიერ სამთავრობო ბორტის კერძო მიზნებით გამოყენებას სააკაშვილის მასაჟისტის ვიზიტით ამართლებს, ძალიან მარტივია იმის თქმა რომ კი, არასწორი იყო მასაჟისტის ტრანსპორტირება სამთავრობო ბორტით, ზუსტად ისე, როგორც არასწორია პრემიერის ვაჟის ტრანსპორტირება სამთავრობო ბორტით და რომც პირადად დაფაროს ხარჯი, ისედაც კითხვებს ბადებს პრემიერის მიერ ამხელა ხარჯის გაწევის უნარი, როცა ისედაც აწევს ბავშვების სწავლის, ცოლის კაბების, საათების და ა. შ. ხარჯები.

ხელისუფლების სამარცხვინო პროპაგანდის ანტიდოტი არის საკუთარ შეცდომაზე, ან დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღება. 

ეს არ ნიშნავს ხელის სხვისკენ გაშვერას, მე მიმაჩნია რომ ვინც წარსულში კონკრეტულ ჩავარდნებზე და დარღვევებზე სათანადოდ არ ვირეაგირეთ, ყველას გვაკისრია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვერანაირ პრობლემას, ან სისუსტეს ვერ ვხედავ ამის აღნიშვნაში. 

პირიქით, თუ წარსულს სწორად ვერ ვაფასებ, რატომ უნდა დამიჯერომ, რომ მომავალს სწორად შევაფასებ? 

მაგრამ როდესაც ბელადის ნებისმიერ საქციელში (სულ რომ არ ემიჯნებოდე და საკუთარ პასუხისმგებლობასაც აღნიშნავდე თუნდაც არასათანადო რეაქციის გამო)  ეჭვის შეტანა ისჯება, როდესაც „ბელადს ვინც განუდგება, განულდება“, როდესაც ასეთი სამარცხვინო პროპაგანდით პასუხობს, რეჟიმის პროპაგანდას ოპოზიცია - ბუნებრივია რომ რეჟიმის პროპაგანდა ეფექტურად მუშაობს და წარმატებულია.

საკუთარ წარსულზე პასუხისმგებლობის აღება გვაძლიერებს.

და ძალიან ბუნებრივია, როდესაც ადამიანებს აინტერესებთ საკუთარ წარსულს როგორ აფასებ, იმისთვის, რომ მომავალში დაგიჯერონ.

ჩვენ, ვინც წინა ხელისუფლებასთან ბმაში ვართ, (მიუხედავად იმისა, რომ პირადად არცერთ სახელმწიფო თანამდებობაზე არასოდეს ვყოფილვარ, არანაირ იერარქიაში სააკაშვილთან არ მიმუშავია და მხოლოდ და მხოლოდ თანასწორ ფიგურად აღვიქვამდი მთელი ცხოვრება) გვჭირდება ჩვენ წარსულზე პასუხისმგებლობის აღება იმისთვის, რომ ხელისუფლების პროპაგანდას ვაჯობოთ.

„ვინც ბელადს განუდგება, განულდება“ პროპაგანდით ივანიშვილის პროპაგანდას ვერ მოვერევით.

ამიტომაა ის ასეთი ეფექტური უკვე 11 წელია - მიშა სააკაშვილის ბლაგვი იარაღით ებრძვის ოპოზიცია", - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა