ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისის ციხეში 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა (ვიდეო)
ადვოკატების ინფორმაციით ქუთაისის ნომერ მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. უფლებადამცველების თქმით, ისინი დროულ სამედიცინო დახმარებას, ადმინისტრაციის მხრიდან მეტ ყურადღებას და ამნისტიას მოითხოვენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიდევ უფრო მეტმა პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა.
ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო მანქანების მოძრაობაც, თუმცა რამდენად უკავშირდება ეს პატიმრების მხრიდან შესაძლო თვითდაზიანებებს, უცნობია.
"ნომერ მეორე დაწესებულებაში არის ბუნტი, 50-ზე მეტმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება, ფაქტობრივად მთელი ციხე შიმშილობს და ამის მიზეზი არის არასათანადო მოპყრობა, სამედიცინო მომსახურება თითქმის არ არსებობს დაწესებულებაში. ასევე არის ინფორმაცია, რომ მიზეზი ამ მასშტაბის პროტესტისა გახლავთ რეჟიმის დაბრუნების მცდელობა დაწესებულებებში. იმდენი პატიმრის თვითდაზიანებებზეა საუბარი, ადვოკატებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაადასტურონ ზუსტად მათი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები არიან თუ არა დაზიანებულ პატიმართა სიაში", - ამბობს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი.