2023 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვირითობის პერიოდში - 2023 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 309 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 150 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უწყების ცნობით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 72 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში - 65, ქვემო ქართლში - 47, კახეთში - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 21, გურიაში - 17, აჭარაში - 14, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 7, შიდა ქართლში - 6, სამცხე-ჯავახეთში - 3. ასევე 19 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც - 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, უკანონო თევზჭერის 14 ფაქტი გამოავლინეს.
"ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის 28, სახლართი ტიპის ბადით - 188, ე.წ. ჩოგან-ბადით - 22 და ე.წ. გოდორით უკანონო თევზჭერის 19 ფაქტი. ასევე დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი", - წერია განცხადებაში.