თეგებით ძიება

ბოლო ოთხი წლის მანძილზე უძრავი ქონებების თაღლითურად მითვისების შემთხვევებმა იმატა - „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე

მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, რაც კრიმინალებს საშუალებას აძლევს მილიონობით ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები ხელში ჩაიგდონ - ამის შესახებ TIA.GE-სთან ინტერვიუში „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბურჯანაძემ ისაუბრა და სამართალდამცავებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

- ანტიკორუფციული კავშირი, წლებია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების უკანონო მიტაცების ფაქტებზე მუშაობს და შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე უძრავი ქონებების თაღლითურად მითვისების შემთხვევებმა იმატა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ანუ თბილისის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ფასებიც და მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია. 

- იქნებ აგვიხსნათ, ძვირადღირებული  მიწის ნაკვეთების მიტაცებას ვინ და როგორ ახერხებს?

- ყველაფერი წლების წინ დაიწყო, როდესაც მუნიციპალიტეტებში მერიასთან დაახლოებული დაჯგუფებები შეიქმნა. ამ დაჯგუფებებმა კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთების მითვისება მოასწრეს და დღეს ამ ნაკვეთებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები წარმოებს. შემთხვევათა დაახლოებით 60%-ში დადგინდა, რომ მიწის მიტაცება ნამდვილად მოხდა. კრიმინალებს ისიც დაეხმარა, რომ წლების წინ არქივი დაიწვა, სადაც მიწისა და მისი მფლობელების შესახებ მთელი ინფორმაცია ინახებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მცხეთა მთიანეთის მუნიციპალიტეტში, ლისის თემში არის სოფელი მსხალდიდი. ეს თბილისის მიმდებარედ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტერიტორიაა, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება 50 დოლარიდან იწყება და 200 დოლარს აღწევს. სწორედ ასეთ სოფელში 18 000 კვ. მიწის ნაკვეთი დაუკანონდა ერთ პიროვნებას, რომელსაც ახლა გამოტანილი აქვს ობიექტი და ნაწილ ნაწილ ყიდის. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 900 000 აშშ დოლარია. სოფლის მაცხოვრებლები უკმაყოფილოები არიან, რადგან ვიღაც სახლის გვერდით, მომიჯნავე ტერიტორიაზე 500 კვ. მეტრის დაკანონებას ვერ ახერხებს და ვიღაც, სოფლის 30% ჯიბეში იდებს. დამეთანხმებით, რომ გამაღიზიანებელია და უსამართლობის განცდას აჩენს. 

- რატომ ფიქრობთ, რომ მიწის დაკანონება უკანონოდ მოხდა?

- იმიტომ, რომ სოფლის მოსახლეობამ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა - სოფლის საერთო საკუთრებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მიწა ერთ ადამიანზე გაფორმებულიყო, მაგრამ მან შემთხვევა გამოიყენა და მიწები მიითვისაო. ახლა ვაპირებთ მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურებში გადავაგზავნოთ და სისხლის სამართლის საქმის წარმოება დავიწყოთ.

მიწის მიტაცების ფაქტები გახშირდა, თუმცა არ მახსენდება, რომ აქამდე სოფლის ტერიტორიის 30% ერთ პიროვნებას ჩაეგდოს ხელში. ის ეროვნებით აზერბაიჯანელი გახლავთ, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კანონი ყველასთვის თანაბარია და ყველამ უნდა აღასრულოს. მოსახლეობას, რომელმაც დახმარებისთვის მოგვმართა, შექმნილი განუკითხაობა და უსამართლობის გრძნობა ალაპარაკებს. მსგავსი ვითარებაა მცხეთა მთიანეთის მეორე სოფელ წოწორეთშიც. აქ 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთია მითვისებული, რომლის საბაზრო ფასი 300 000 დოლარს აღემატება და უამრავი ასეთი შემთხვევა. მიწის სპორადული რეგისტრაცის დროს, მოსახლეობის მცირე ნაწილმა მილიონები იშოვა. საკმარისი იყო ორი ან სამი მეზობელლი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიწის ამა თუ იმ ნაკვეთით 2007 წლის 20 სექტემბრამდე სარგებლობდი და ამის საფუძველზე გიკანონებდნენ. ამ დროს უამრავმა ადამიანმა დაიკანონა მიწა, რომელთანაც შეხება არ ჰქონია. შემდეგ სისტემური რეგისტრაცია შემოიღეს, რომელმაც მოთხოვნები გაამკაცრა და ახლა თვითონ იუსტიციის სახლი განსაზღვრავს 2007 წლის 20 სექტემბრამდე ფლობდი მიწის ნაკვეთს თუ არა, მაგრამ კრიმინალებმა ამ სისტემასაც შეტიეს. სასურველ მიწის ნაკვეთთან რაღაც ღობეებს ჩაარჭობენ და ამტკიცებენ, რომ მფლობელები არიან. სამწუხაროდ, სამართალწარმოებაში მყოფი საქმეების დიდი ნაწილი რეაგირების გარეშეა რჩება, რაც სრული კატასტროფაა! მივმართავთ შსს მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს - გთხოვთ დააჩქაროთ საგამოძიებო სტრუქტურებში თაროზე შემოდებული განცხადებებზე რეაგირება, რადგან ცოტა ხანში ამ მიწების უკან დაბრუნება გართულდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა