სააკაშვილს არ ვეთანხმები, ქართულ ოპოზიციაზე წარმოდგენა აბსოლუტურად შეცვლილია - გიორგი ვაშაძე
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის დასუსტებაზე საუბრობს. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან წერილობით ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციით ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია.
სააკაშვილის ეს განცხადება უკვე გააკრიტიკეს კოლეგა პარტიებში, მათ შორის, ალიანსში მყოფმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ამბობს, რომ არ ეთანხმება ყოფილ პრეზიდენტს და ფიქრობს, რომ მას მოძველებული ინფორმაცია აქვს.
"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, რადგან ეს ცოტა ძველი ინფორმაციაა. ბოლო ვიზიტების შემდეგ ქართულ ოპოზიციაზე წარმოდგენა აბსოლუტურად შეცვლილია. არ ვიცოდი, თუ მასთან ძველი ინფორმაცია იყო შერჩენილი. ამასთან დაკავშირებით მივაწოდებ დამატებით ინფორმაციას," - აღნიშნა სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.