ტირილი ბუნებრივი ემოციაა... - სპეციალისტის რჩევები მშობლებს
18 სექტემბერს საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ეს ეტაპი ზოგჯერ მშობლებისა და შვილებისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგანაც ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუება უჭირს.არადა სკოლისთვის საჭირო უნარების გამომუშავება სწორედ ამ ეტაპზე ხდება და სკოლამდელი პერიოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებსშემდგომი წარმატებებისთვის.
ადრეული განათლების სპეციალისტი ნინო ალელიშვილი mshoblebi.ge-ის ესაუბრება, რა უნარებს უნდა ფლობდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვი, რომ მომავალში სკოლასთან ადაპტირება მარტივად შეძლოს, არც სასწავლო მასალის ათვისება გაუჭირდეს და როგორ შეიძლება დავეხმაროთ მას საბავშვო ბაღთან შეგუებაში:
- 5-6 წლის ასაკში ბავშვი სხვადასხვა სფეროში თანაბრად უნდა ვითარდებოდეს და ბევრ განსხვავებულ უნარს ფლობდეს. ამაში საბავშვო ბაღსა და მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს. ფიზიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია, ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარების განვითარება, ასევე უნდა განვითარდეს მეტყველების სფერო, შემოქმედებითი და სოციალურ-ემოციური უნარები- უნდა მოხდეს ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა. სამწუხაროდ, ხშირად მშობლები ბავშვის სკოლისთვის მზაობას მხოლოდ შემეცნებით უნარებს უკავშირებენ. თუ მან ასოების ცნობა, ლექსები, სიმღერები იცის, ფიქრობენ, რომ სკოლისთვის მზადაა. რეალურად, სასკოლო მზაობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ბავშვი სოციალურად და ემოციურად იყოს განვითარებული. ფლობდეს ისეთ უნარებს, როგორებიცაა რიგის დაცვა, თანატოლებთან კომუნიკაცია, მათთან ერთად თამაში, მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვა, ინიციატივების გამოხატვა, ემოციების სახელდება და ა.შ.; სოციალური უნარების განვითარება აუცილებელია, რომ ბავშვი სკოლაში მისვლის შემდეგ სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოს და გარემოსთან მარტივად ადაპტირება შეძლოს.
- რა როლი აქვს საბავშვო ბაღს აღნიშნული უნარების განვითარებაში?
- საბავშვო ბაღში ყველა ამ უნარის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. სწორედ ამიტომ, მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება თამაშით სწავლებას ეფუძნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია და ყველანაირი უნარის განვითარება სწორედ ამ გზით ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბაღის ბოლო წელი, როცა სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა- ბავშვები ბევრ სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან, ახალ დავალებებს ასრულებენ, რომ შემდგომში ამ გზით განვითარებული უნარები და ცოდნა გამოიყენონ როგორც სკოლაში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში.