დღევანდელი ოპოზიცია დასუსტებული კი არა, დანგრეულია - კახა კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანების თუ დაშლის მიუხედავად, დღევანდელ ოპოზიციას აქვს საერთო სამოქმედო გეგმა, რაც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს და მიმართულია საქართველოს მომავლისა და განვითარების წინააღმდეგ.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი პლატფორმები, მათი შეკვრა, დაშლა. სიახლე არაფერია. ჩვენ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, რას ემსახურებიან, რა არის მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა და სამიზნე. ერთი რამ ცხადია, რომ მათ ქმედებებში ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, სხვა ქვეყნის ინტერესები შეიძლება იყოს. ჩვენ ალბათ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს იმის ნახვა, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან. მაგრამ ვინც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურებიან, რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკურ პარტიას არანაირი მომავალი არ აქვს.
თავისი შინაარსით ეს ადამიანები ერთნი არიან, არაფრით განსხვავდებიან. დღეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვათ, ხვალ „ლელო“ დაირქვან, ზეგ - „ევროპული საქართველო“. ამ ადამიანების სულისკვეთება და მსოფლმხედველობა არის მიმართული ამ ქვეყნის განვითარების და მომავლის წინააღმდეგ. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და საქართველოს ნგრევას ემსახურებიან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც რამდენი უბედურება მოუტანეს ქვეყანას და დღესაც აგრძელებენ. მოსახლეობა რეალობას ძალიან კარგად ხედავს. ასევე, ხედავს ჯერ კიდევ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რაც რეგიონში არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ზეწოლის მიუხედავად, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს, დაიცვას აქ მცხოვრებლები, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის განვითარება, ეს პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.