თეგებით ძიება

რა უნდა იცოდე, თუ ხელები გიბუჟდება – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში კიდურების დაბუჟების გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობს და ურჩევს საზოგადოებას, როგორ უნდა მიხვდნენ უკავშირდება თუ არა დაბუჟების შეგრძნება თრომბოზს და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს.

„ბოლო დროს პაციენტები ხშირად უჩივიან ხელებში დაბუჟების შეგრძნებას, რასაც ხშირად მიაწერენ თრომბოზს. როგორ მივხვდეთ ხელებში დაბუჟების შეგრძნება მართლა თრომბოზს უკავშირდება თუ სხვა მიზეზით არის გამოწვეული და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

როდესაც, პაციენტს აღენიშნება წვის, დაბუჟების, ჩხვლეტის, ქავილის შეგრძნება, ამ ყველაფერს ექიმები პარესთეზიას ვეძახით. პარესთეზია – ეს არის მგრძნობელობის დარღვევა, რომელიც შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ტრანზიტორული, ანუ გარდამავალია. აღსანიშნავია, რომ ამ დარღვევამ ძალიან იჩინა თავი კოვიდის დროს, ამიტომ პაციენტები ხშირად თრომბოზს მიაწერენ კიდურების დაბუჟებას. თუმცა, როგორც წესი, კიდურებში დაბუჟების შეგრძნება არის შედეგი მდგომარეობისა, რომელსაც ჰიპერვენტილაციის სინდრომი ჰქვია. როდესაც, თქვენ გიდგინდებათ კოვიდი, ნერვიულობის ფონზე გერთვებათ სიმპათიკური ნერვული სისტემა და გიხშირდებათ სუნთქვა. სუნთქვა როგორც კი გასცდება წუთში 20-ზე მეტს, თქვენ ამ დროს ამოისუნთქავთ იმაზე მეტ CO2-ს ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. იმის გამო, რომ თქვენ ძალიან ბევრ CO2-ს ამოისუნთქავთ თქვენი სისხლი ძალიან ტუტიანდება, ამას ეწოდება რესპირატორული ალკალო. ასეთ დროს, სისხლში თავისუფალი კალციუმის რაოდენობა ქვეითდება და ზუსტად ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. საპანიკო არაფერია, საკმარისია დამშვიდდეთ და თავისით ალაგდება რამდენიმე დღეში.

იმ შემთხვევაში, თუ ხელებში დაბუჟების შეგრძნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაქვთ, პირველ რიგში, უნდა გამორიცხოთ შაქრიანი დიაბეტი, რომელიც წამყვანი მიზეზია ხელების და ფეხების ქრონიკული დაბუჟების. ძალიან ბევრი გლუკოზა აზიანებს, როგორც ნერვულ ქსოვილს, ასევე მის გარშემო არსებულ უჯრედებსაც და როგორც წესი, ეს იწვევს დაბუჟების შეგრძნებას. შაქრიანი დიაბეტის შემდეგ უნდა გამორიცხოთ ჰიპოთირეოზი, როგორც კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაითრგუნება, ასევე ვითარდება დაბუჟების შეგრძნება. დაბუჟების გამომწვევი მიზეზი, ასევე შეიძლება იყოს ჰიპოპარათირეოზი. ჩვენ ფარისებრი ჯირკვლის უკან გვაქვს 4 ჯირკვალი, 2 ზევით და 2 ქვევით, რომლებიც არეგულირებენ კალციუმის რაოდენობას სხეულში. თუ ეს ჯირკვლები თავის ფუნქციას ვერ შეასრულებენ, კალციუმის რაოდენობის შემცირებისას გამოხატული იქნება დაბუჟება. დაბუჟების შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტების მიერ, მაგალითად: წნევის დამწევი საშუალებები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები, ტკივილგამაყუჩებლები. აღსანიშნავია, ანტიბიოტიკებიც, რომლებიც არიან ფტორქინოლონები. დაბუჟების შეგრძნებას, ასევე იწვევს B12 და B6 ვიტამინების ნაკლებობა. ორივეს შევსება ძალიან მარტივად, ნორმალური კვებით შეიძლება. B12 ძალიან ბევრია ხორცში, B6 მცენარეებში. დაბუჟების გამომწვევი სხვა მიზეზები შეიძლება იყოს მძიმე მეტალები და ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: გაფანტული სკლეროზი, სპინალური სტენოზი, თიაქრები და სხვა…

როგორ ამოვიცნოთ თრომბოზი? როგორც წესი, შემთხვევათა 90%-ში თრომბოზი ვითარდება ქვედა კიდურებში, ანუ ფეხებში და უმეტესად არის ცალმხრივი, ანუ აზიანებს მხოლოდ ერთ კიდურს. აღსანიშნავია, რომ კოვიდ პაციენტების მხოლოდ 3%-ს უვითარდება თრომბოზი. თუ თქვენ ეჭვობთ, რომ გაქვთ თრომბოზი ყურადღება დაბუჟებაზე კი არ უნდა გაამახვილოთ, არამედ კიდურები უნდა შეადაროთ ერთმანეთს. რადგანაც, ვიზუალურად გამოხატული იქნება, კიდურის დასივება. შეშუპებასთან ერთად შეცვლილი იქნება ფერი. ახასიათებს, წითელი ან იისფერი შეფერილობა. გარდა ამისა, იქნება მტკივნეული. ასევე, კიდური შეხებისას საკმაოდ თბილი იქნება. ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ნიშნებს: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავბრუს ხვევა, გულისცემის ან სუნთქვის აჩქარება, სისხლიანი ხველა. ეს არის ნიშნები, რომლის მიხედვითაც სახლის პირობებში, არასამედიცინო პირმა შეიძლება იეჭვოს თრომბოზზე, და ასეთ დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან, თრომბი შეიძლება გადაადგილდეს და განვითარდეს პულმონალური ემბოლია“, - წერს ექიმი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა