დაიწყო საზოგადოების დამუშავება, რომ ნაკლები რეაქცია ჰქონდეს, თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს - ვახტანგ ძაბირაძე
დაიწყო საზოგადოების წინასწარ დამუშავება იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები რეაქცია მოჰყვეს პროტესტს, რომელიც აუცილებლად იქნება, თუ არ მოგვანიჭეს სტატუსი - იმედი იმისა, რომ ასეთი განცხადებებით ვინმე რამის პრევენციას მოახდენს, ან მოსახლეობას დააშინებს, ყალბია. ამან 30 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ იმუშავა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მართლაც არსებობს რაიმე საფრთხე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწორედ იმისთვისაა, მისი ნეიტრალიზება მოახდინოს.
„პირველ რიგში, საზოგადოების დამუშავება ხდება იმის საწინააღმდეგოდ, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვცეს და გამოსვლები დაიწყო, რასაც ალბათ, ვარაუდობენ და რისიც გარკვეულწილად ეშინიათ, თქვან, რომ ჩვენ ამას ვაცხადებდით, ვაკეთებდით და ა.შ. ეს არის ძირითადი და მნიშვნელოვანი ამ თემაში. არა მარტო დღეს, არამედ მუდმივად მიდის იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა მზადდება და ა.შ. ანუ, წინასწარ მიდის საზოგადოების დამუშავება. აქ, ქვეტექსტში ლაპარაკი იმაზე კი არ უნდა იყოს, რომ რადგან ეს არის მოსალოდნელი, ამიტომ პროტესტები ავკრძალოთ ქვეყანაში, არამედ იმაზე, რომ რომ სუს-მა უკეთესად უნდა იმუშაოს და თუ რაიმე საფრთხე არსებობს, მოახდინოს მისი ნეიტრალიზება,“ - განაცხადა ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“.