რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ან თეთრი სახლი თუ იტყვის რაღაცას, აპრიორი მართალია?! - ირაკლი ზარქუა
ფარცხალაძის თემა რადიკალებმა და მერე მათმა პატრონებმა წამოწიეს - სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ფარცხალაძის თემა პროკურატურასა და სასამართლოზე „გალაშქრებისთვის“ დაჭირდათ.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა ჩვენი მოსამართლეები. კითხვა რომ დავუსვით - „აბა არგუმენტი გვითხარით, იქნებ მართლები ხართ“, ვერ წარმოადგინეს და თქვეს, აი, კაპიტანი გიგაური და ლომჯარია რომ ასაჯაროვებდნენ და პოლიტიკური დევნა ჰქონდათ მათი, ვინც არ მოსწონდათ - მოსამართლეები, ადვოკატი, თანამდებობის პირი, ამის საფუძველზეო თქვეს. არსად წერია ფარცხალაძეზე კონკრეტული არგუმენტი.
ბატონ ფარცხალაძეს არც ვიცნობ, მაგრამ რასაც ვუყურებ, როგორც მესამე თუ ნეიტრალური ადამიანი რომ აკვირდება, ესე იგი მაგათ დროს რომ თანამდებობაზე იყო, არც გახსენებია არავის არც ქურდობა, არც ძველი ბიჭობა, არც მაფიოზობანა, არც აგენტობა, მაგრამ ახლა თურმე მიუღებელია, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. ის ადამიანი არც ვიცი, საქართველოში ცხოვრობს თუ არა, არ ცხოვრობს საქართველოში და ახლა წამოატივტივეს, უნდათ პროკურატურაზე და სასამართლოზე გაილაშქრონ, ამიტომ სჭირდებათ ახლა ფარცხალაძე და წამოსწიეს ეს თემა რადიკალებმა და ამათმა პატრონებმა მერე. სახელმწიფო დეპარტამენტი შეცდომაშია შეყვანილი. რატომ გგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი თუ იტყვის რაღაცას ან თეთრი სახლი, აპრიორი მართალია?! მოსამართლეებზე ხომ შეცდნენ?!“ - განაცხადა ზარქუამ.