თეგებით ძიება

სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და მასაც კი ვიცავთ, ვზრუნავთ, ვპატრონობთ, ვუვლით კაცს საავადმყოფოში - ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასა და საქართველოში მისი ანგარიშების გაყინვის საკითხს კიდევ ერთხელ  ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის სანქციები სისხლის სამართლებრივი სასჯელია და განაჩენის გარეშე მისი დაწესება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

„სახელმძღვანელო პრინციპი ჩვენთვის არის საქართველოს კონსტიტუცია და არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სადაც პირდაპირ არის მოცემული შეზღუდვის ფარგლები, ჩარჩოები და სტანდარტები. საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია ის განცხადება, რაც გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდან. ამას ვსაუბრობ, როგორც იურისტი პირველ რიგში.

საკუთრების უფლების შეზღუდვას აქვს თავის სტანდარტი. გარდა ამისა, სტრასბურგის პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ტიპის სანქციები წარმოადგენს თავის არსით სისხლისსამართლებრივ სასჯელს და ზუსტად იგივე სტანდარტით არის შესაფასებელი, როგორც ნებისმიერი სხვა სასჯელი. სინამდვილეში წესდება სისხლისსამართლებრივი სასჯელი პირის მიმართ ისე, რომ განაჩენი გამოტანილი არ არის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს.

რაც შეეხება სხვა პირთა მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ზოგადად სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, შეზღუდოს სავაჭრო ურთიერთობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, მაგრამ როცა საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს, მის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქეს მიმართ.

ოპოზიციას ძალიან აღიზიანებს ხოლმე კონსტიტუციის ხსენება, რადგან მათი მთავარი ამოცანაა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა, მაგრამ კონსტიტუციაში წერია, სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეებს, განურჩევლად ადგილსამყოფლისა, განურჩევლად ყველაფრისა, კეთილი ინებონ და ჩაიხედონ კონსტიტუციაში. აქ საუბარი იმაზე კი არ არის, ოთარ ფაცხალაძე იქნება ის, კობახიძე, პეტრე თუ პავლე, საუბარია იმაზე, რომ როცა ადამიანი არის საქართველოს მოქალაქე, [მისი დაცვა] კონსტიტუციით გევალება. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის დაცვაც კი გვევალება.

მიხეილ სააკაშვილსაც კი ვიცავთ, ვზრუნავთ, ვპატრონობთ, ვუვლით კაცს საავადმყოფოში, ასეთი დანაშაულები აქვს ჩადენილი, საქართველოს მოქალაქეც კი არ არის და მაინც ვზრუნავთ, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი მფარველობა არის სახელმწიფოს ვალდებულება.

რაც შეეხება აგენტობას, ვინ გამოაცხადა (აგენტად)? როცა საქართველოს მოქალაქე ხდება უცხო ქვეყნის აგენტი, მით უმეტეს, თუ ამ სახელმწიფოს ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს ჩვენი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ ასეთ დროს წარმოებს შესწავლა, გამოძიება, შემდეგ საქმე მიდის სასამართლოში და თუ დადგინდება, რომ პირი მართლაც არის აგენტი, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი. ზურაბიშვილმაც იგივე გაიმეორა. ვიღაცას ეძახის აგენტს.

მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ეძახდნენ „სტრეკაზას“ კონკრეტული ადამიანები. მტკიცებულება ხომ არის საჭირო? წარმოადგინონ, ვის უმალავენ, საზოგადოებას უმალავენ? არ არსებობს ასეთი მტკიცებულებები. არ შეიძლება ადამიანს დაუძახო აგენტი, ვიდრე არ არსებობს მტკიცებულებები, ვიდრე არ არსებობს განაჩენი, ამ სტანდარტზეა საუბარი, მეტი კი არაფერი, ეს აღიზიანებს ოპოზიციას,“ – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა