სამხედრო კონფლიქტი ყარაბაღში - ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან (ვიდეო)
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ანტიტერორისტული ოპერაცია ყარაბაღის რეგიონში დასასრულს უახლოვდება და მისი მიზანი იყო, სომხური მხარე დაებრუნებინა იმ შეთანხმების ჩარჩოებში, რაზეც მხარეებმა რამდენიმე თვის წინ მოილაპარაკეს და რაც ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, ბოლო ორი კვირა ინტენსიურად ირღვეოდა.
დაიწყო ადგილობრივი ანტიტერორისტული მოქმედებები სამმხრივი განცხადებების, დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ჩვენი ტერიტორიებიდან განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალების მიზნით., ასევე ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის მშვიდობის, სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი სამხედრო პერსონალის უსაფრთხოებს უზრუნველსაყოფად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად" აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
მეორე მხარის სამხედრო პროვოკაციაზე საუბრობს ოფიციალური ერევანი, სადაც ამ წუთებში ნიკოლ ფაშინიანი უშიშროების საბჭოს სხდომას მართავს. პარალელურად კი ერევანში სომხეთის პრემიერის გადაყენების მოთხოვნით მისი ოპონენტები აქციას მართავენ.
სომხეთის პრემიერმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
"აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო მთიანი ყარაბაღის დაბომბვა, ფაქტობრივად მთელი ტერიტორიის, ასევე გარკვეული დროის შემდეგ მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზის გარღვევისა და პოზიციის და, ზოგიერთი მონაცემით, დასახლებული პუნქტების გაკონტროლების ოპერაცია დაიწყო. აზერბაიჯანმა სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით დაიწყო. სომხეთს არავისთვის მიუცია მანდატი, მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა ჩაეტარებინა. გარკვეული ძალები როგორც შიდა, ისე გარე, ცდილობენ სომხეთის ომში ჩათრევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ: სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არ არიან. ეს მათ არ გამოუვათ." ამბობს ფაშინიანი.
სომხური მხარის ინფორმაციით, განადგურებულია მათი რამდენიმე რადიოლოკაციური სადგური და ბაზა.
ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ცნობებით, არიან დაშავებულებიც.