მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადება მიიღო. ამის შესახებ სომხური მედია მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
„19 სექტემბრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკამ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო ყარაბაღის რესპუბლიკასთან შეხების მთელ ხაზზე მასიური საარტილერიო და საჰაერო დარტყმებით.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქმედებების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასახულია ყარაბაღის გაყოფა და მისი სიცოცხლისუნარიანობის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება. ორდღიანი ჯიუტი ბრძოლების განმავლობაში ყარაბაღის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გმირულად უმკლავდებოდნენ მტერს.
სამწუხაროდ, დანაკარგები და დაჭრილებია, ზოგიერთ რაიონში კი მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის ძალების სამხედრო პოზიციებზე შეჭრა. შექმნილ ვითარებაში არასაკმარისია საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებები ომის შეჩერებისა და სიტუაციის მოგვარების მიმართულებით.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლება იღებს რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.