თეგებით ძიება

ყველაფერი გამიგია, მაგრამ თუ ვინმეს საკუთარი ეკლესია ჰქონდა და საკუთარი მღვდელი ჰყავდა, არ ვიცოდი - გია ხუხაშვილი

ლარის კურსთან მიმართებით პანიკის საფუძველი, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს - ეროვნული ბანკის ბრძანებას პირდაპირი შედეგი დღეს და ხვალ არ მოჰყვება, შენელებული მოქმედების ნაღმზე ვსხედვართ, მაგრამ ამ ნაღმის დეტონაციის რისკი დღეს არ არის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„კომერციული ბანკები ამ რისკებს ობიექტურად აფასებენ, შესაბამისად, ამ ბრძანებას არ დამორჩილდნენ. იმიტომ კი არა, რომ ეროვნულ ბანკს ობსტრუქცია მოუწყვეს, არამედ იმიტომ, რომ მათი ინტერესების დაზიანების რეალური რისკი დაინახეს. მაგალითად, „თიბისი ბანკიც“ და „საქართველოს ბანკიც“ არიან კომპანიები, რომელთა აქციებიც ლონდონის ბირჟაზე კვოტირებს და რისკი, რომ მათი აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცემა, ძალიან მაღალია. კონკრეტული არაფერი რომ არ მოხდეს და ამერიკელებმა ყურადღება რომ არც მიაქციონ, რისკის ზონაში შესვლა ნიშნავს, რომ შეიძლება კატასტროფული დარტყმა მიიღონ, თუნდაც აქციების ღირებულებასთან დაკავშირებით, რამაც საბოლოოდ, შეიძლება ირიბად, სხვა გზიდან ჩამოშალოს ბანკი. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. რაც მთავარია, არგუმენტაცია, რომ კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეს იცავს, თითიდან გამოწოვილია. ვფიქრობ, კონსტიტუციონალისტები ამის რევიზიას გააკეთებენ. რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებას, რატომ შევიდნენ ამხელა რისკის ზონაში და რისი გაკეთება შეუძლიათ ამ ბრძანებით - არც არაფრის. შეერთებული შტატების პირველ განმარტებას მოჰყვა მეორე და საუბარი მარტო იმაზე კი არაა, რომ ვიღაც დაასანქცირეს და მას შესაბამისი პროცედურა უნდა შეეხოს, არამედ კიდევ დამატებითი განმარტება გააკეთეს, რომ იგივე პრობლემა გაუჩნდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მასთან რაღაც ტიპის ეკონომიკურ ურთიერთობებში შევა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საბჭო აღარ არის ფუნქციონალური.

„ადამიანებს, რომლებმაც განცხადებები დაწერეს, ორთვიანი პერიოდი აქვთ, მაგრამ თუ საბჭოს სხდომაზე არ მივლენ, გამოდის, რომ ერთი თურნავა ზის და რასაც უნდა ჭრის და კერავს, რასაც ისედაც აკეთებს“, - აცხადებს ხუხაშვილი.

კითხვაზე, რატომ იცავს ხელისუფლება ფარცხალაძეს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო დიდი პრობლემა შეექმნა, რადგან ფარცხალაძის სანქცირებამ „მის შექმნილ სისტემაში ყველა დააფრთხო“.

„ხელისუფალს, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ასეთ კრიზისულ სიტუაციებში, ფარცხალაძე არაფერში აინტერესებს. დიდი სიამოვნებით მოისვრიდა და გათავისუფლდებოდა მისგან. არც იმის ეშინია, რომ ფარცხალაძე კომპრომატების ფრიალს დაიწყებდა. მას შეექმნა ბევრად დიდი პრობლემა, ვიდრე ერთი ფარცხალაძეა. საქმე ისაა, რომ როდესაც სანქციები დაიწყო, ამან სისტემაში ყველა დააფრთხო. მან ააშენა სისტემა, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც დიდი და პატარა ფარცხალაძეები არიან, სისტემაში მყოფი უმრავლესობის მენტალიტეტი იგივეა, რაც ფარცხალაძის. მათთვის მაგარი კაცია ფარცხალაძე, დიდი ფული იშოვა, კაცური კაცია, ვიღაცას საქმე გაურჩია. ასეთი ფასეულობათა სისტემაა დამკვიდრებული. ფარცხალაძე იმიტომ დაასანქცირეს, რომ გავლენას ახდენდა ქართულ საზოგადოებაზე. „ქართული ოცნება“ იმავეს არ აკეთებდა? მთელ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამას აკეთებდა „მესიჯბოქსით“, გაუჩნდა საფრთხე, შფოთი და მოლოდინი, რომ რადგან იმავეს ვაკეთებ, ხვალ შეიძლება მეც დამაკისრონ ეს სანქციები. ბიძინა დადგა პრობლემის წინაშე, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს და ამ ადამიანებმა არ ჩათვალონ, რომ ბიძინას ამ პრობლემებისგან მათი დაცვა არ შეუძლია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, უშუალოდ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „ინფორმაცია იყო რომ მის ერთ-ერთ ნაკვეთზე, ტაბახმელაში ეკლესია ყოფილა და ეკლესიაც შვილზე გადაუფორმებია. ყველაფერი გამიგია, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ვინმეს საკუთარი ეკლესია ჰქონდა, საკუთარი მღვდელი კიდევ. ხელფასს თუ იღებს იმაში, რომ ყოველ დილით პატრონზე ლოცულობს... არ მინდა დავიჯერო, თუ ეს სინამდვილეა, მაგრამ თუ სინამდვილეა, გაღმა გასვლის ტოლფასია“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა