საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს - რას გულისხმობს ცვლილება?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს. აღნიშნულს გულისხმობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.
ამასთან, მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად, მან უნდა დააკმაყოფილოს ამავე კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, აგრეთვე საქართველოში მუშაობასთან, ან/და საქართველოში უძრავი ქონების ან საწარმოში წილის ან აქციების ფლობასთან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.