მთიან ყარაბაღში რუსი „სამშვიდობოების“ დაღუპვის გამო ალიევმა პუტინს ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ილჰამ ალიევმა მთიან ყარაბაღში რუსი „სამშვიდობოების“ დაღუპვის გამო თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ბოდიში მოუხადა და დაღუპულების გამო მწუხარება გამოთქვა.
პრეზიდენტმა ალიევმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, რომ ფინანსური დახმარება გაუწიოს დაღუპულთა ოჯახებს.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ რუსეთის „სამშვიდობო“ მისიის დახმარებით მიღწეული შეთანხმებების თანმიმდევრული შესრულების მნიშვნელობას.
ასევე ხაზი გაესვა ბაქოსა და სტეფანაკერტის წარმომადგენლებს შორის „სამშვიდობოების“ შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მთიან ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას. თავის მხრივ აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ითანამშრომლოს რუს „სამშვიდობოებთან“ ამ საკითხებზე.