საქართველო-უკრაინის ურთიერთობების სტრატეგიული ღერძი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური კონიუნქტურისაგან - შალვა პაპუაშვილი
უკვე მეორედ, უკრაინის მაღალი დონის ოფიციალური პირი ქართული სახელმწიფოს მიერაა დადანაშაულებული - პირველად, ლორთქიფანიძემ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში უკანონო გამომგზავრება დააორგანიზა - უკრაინის მთავრობის ზოგიერთი ქმედება ეწინააღმდეგება ლოგიკასაც და ძმური ურთიერთობების საერთო ისტორიასაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომ ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დაგეგმილი დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ავტორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების სტრატეგიული ღერძი პოლიტიკური კონიუნქტურისაგან თავისუფალი უნდა იყოს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო განცხადებამ ქართული წარმოშობის ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირი საქართველოს შიდა პოლიტიკასთან დააკავშირა. კერძოდ, ფიქრობენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და უკრაინის კონტრდაზვერვის მეთაურის ამჟამინდელი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, შემოდგომაზე საქართველოში შესაძლო შიდა პოლიტიკურ არეულობაში შეიძლება იყოს გარეული. მოსალოდნელი არეულობის მიზანი მთავრობის შეცვლას უკავშირდება. ამასთან, ამ სცენარის შემუშავებასა და დაგეგმვაში, სავარაუდოდ, უცხოური ფინანსებიცაა ჩართული.
უკვე მეორედ, უკრაინის მაღალი დონის ოფიციალური პირი ქართული სახელმწიფოს მიერაა დადანაშაულებული. პირველად, ზუსტად ორი წლის წინ, ლორთქიფანიძემ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში უკანონო გამომგზავრება დააორგანიზა", - განაცხადა პაპუაშვილმა.