თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება - მეუფე შიო
თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება, როგორც წერდა წმინდა პავლე მოციქული: „ვისაც ქრისტეს სული არ გააჩნია (ქრისტეს სულში სწორედ სიმდაბლე იგულისხმება), ის არც არის მისი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა ) ქადაგებისას განაცხადა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, დალოცვას.
როგორც იგალობება დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში, ღვთისმშობლის შობამ გაათავისუფლა მისი მშობლები უშვილობის ყვედრებისგან. წმინდა იოაკიმე და ანა ამ ყვედრებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ითმენდნენ. როგორც პირად საუბრებში, ასევე ზურგს უკან, ჭორების სახით, მათზე ამბობდნენ, რომ ძალიან ცოდვილნი არიან, რაღაც ისეთი საიდუმლო ცოდვები აქვთ, რის გამოც ღმერთი შვილებს არ აძლევს. თქვენ გახსოვთ, ძველად ისრაელში უშვილობა ნიშნავდა, რომ ღმერთმა დასაჯა წყვილი და მიატოვა ცოდვების გამო. ამიტომ მათზეც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ, სინამდვილეში ღმერთმა მათზე ეს ჯვარი დაუშვა სულ სხვა მიზეზით: იმისთვის, რომ ასეთი მკვეთრი საშუალებით - ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია ამპარტავნებასთან, გაღიზიანებასთან, სხვათა განკითხვასთან, მრისხანებასთან თუ სხვა ვნებებთან, მათგან განშორებულიყო. შედეგად, იმ დროს მთელ დედამიწაზე ამ ორ ადამიანს ყველაზე მეტი სიმდაბლე ჰქონდათ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანები იყვნენ", - ამბობს მეუფე შიო.