"თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ" - ზელენსკის მიმართვა კონგრესმენებს
21 სექტემბერს კაპიტოლიუმში ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ მოუწოდა დაემტკიცებინათ დამატებითი დაფინანსება უკრაინის დახმარებისთვის. ამის შესახებ ჟურნალისტებს სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განუცხადა, რაზედაც Украинская правда წერს.
მედიის ცნობით შუმერმა უარი თქვა ზელენსკის კონგრესის წევრებთან შეხვედრის დეტალებზე საუბარზე, თუმცა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ მათ განუცხადა, რომ თუ დახმარებას არ მისცემდნენ, ომს წააგებდნენ.
ამავდროულად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ, კევინ მაკარტიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არ შეუცვლია პოზიცია და არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას.
„მე მზად ვარ განვიხილო ეს[უკრაინის დახმარება] მაგრამ ვიცი, თუ პრეზიდენტი[ბაიდენი] მხოლოდ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას, ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ 10 ათასმა ადამიანმა ახლახან გადაკვეთა საზღვარი“, - განაცხადა მაკარტიმ.
კონგრესში შეხვედრების შემდეგ, თეთრ სახლში ზელენსკის ჯო ბაიდენთან შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ ამერიკული სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.