5 აფროამერიკელი დიზაინერი, რომლებმაც მოდის ისტორია შეცვალეს
შავკანიანმა დიზაინერებმა მოდის ისტორიაში ყველაზე საკულტო სამოსი შექმნეს. ამ ხუთმა აფროამერიკელმა დიზაინერმა მოდის სამყაროში თავისი კვალი დატოვა:
ვირჯილ აბლო
ვირჯილ აბლო Louis Vuitton-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და ბრენდ Off-White-ის დამფუძნებელი იყო. ის ცნობილი გახდა ძვირადღირებული მოდის სამყაროში ქუჩის ტანსაცმლის სტილის დანერგვით. აბლო დაემორჩილა მოდის პრინციპს, რომლის მიხედვითაც, ავთენტური დიზაინის შესაქმნელად საკმარისია თავდაპირველი დიზაინის მხოლოდ სამი პროცენტის შეცვლა. აბლო ძვირადღირებული პროდუქციის კომპანია LVMH-ში პოპულარული და მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის შავკანიანი წარმომადგენელი გახდა. 2021 წელს, 41 წლის ასაკში, ის გულის ანგიოსარკომით გარდაიცვალა.
ელიზაბეტ კეკლი
ელიზაბეტ კეკლი ამერიკის პირველი ლედის, მერი ტოდ ლინკოლნის, მკერავი იყო. კეკლი 1818 წელს, ვირჯინიაში, მონის ოჯახში დაიბადა. მან კერვა ბავშვობაში შეისწავლა. მოგვიანებით, ის სენტ-ლუისში, მისურის შტატში, მკერავად მუშაობდა. ელიზაბეტ კეკლიმ მოახერხა მონობისგან თავის დაღწევა და შვილთან ერთად ვაშინგტონში გადასახლდა. იქ კეკლი კაბებს უკერავდა ელიტარულ კლიენტებს, რომელთაგან ერთ-ერთი ლინკოლნი იყო. კეკლი და ლინკოლნი ვაჟების გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს უთანაგრძნობდნენ. კეკლი ლინკოლნის ნუგეშის წყარო გახდა მისი მეუღლის, პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ. კეკლიმ 1868 წელს სკანდალური მემუარები გამოაქვეყნა, რომლებშიც მოთხრობილია თავისი ცხოვრების ისტორია, მათ შორის მონობაში ყოფნის, ემანსიპაციისა და თეთრ სახლში მუშაობის დროს. კეკლი 1907 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტრეისი რიზი
მოდის დიზაინერი ტრეისი რიზი ცნობილია ქალთა სამოსში ცოცხალი ფერებისა და უნიკალური პრინტების გამოყენებით. თავისი სახელობის ბრენდის დაარსებამდე, ის ტოპ- მოდის სახლის Perry Ellis-ის ქალთა პორტფოლიოს დიზაინის დირექტორი იყო. ტრეისი რიზი მრავალი ცნობილი ადამიანის, მათ შორის მიშელ ობამას, სარა ჯესიკა პარკერისა და ტეილორ სვიფტის, დიზაინერი იყო. მისი ბოლო ნამუშევარი ფოკუსირებულია მდგრადი მოდის წარმოებაზე მშობლიურ ქალაქ დეტროიტში, სადაც ის ადგილობრივ ხელოსნებთან და ეკონომიკურად დაუცველი ფენის ქალებთან მუშაობს.
ენ ლოუ
ენ ლოუ 1898 წელს ალაბამაში დაიბადა. მან კაბების კერვა დედისგან ისწავლა. ლოუ 16 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მან მშობლის დავალება შეასრულა - ალაბამას პირველ ლედის ოთხი საკულტო კაბა შეუკერა. ლოუმ 1950 წელს ნიუ-იორკში მაღაზია Ann Lowe's Gowns-ი გახსნა, სადაც მაღალი ფენის საზოგადოების მანდილოსნების დიზაინერად მუშაობდა. ენ ლოუმ მსახიობ ოლივია დე ჰევილენდს შეუკერა კაბა, რომელიც მას ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ეცვა. ენ ლოუმ ასევე მომავალი პირველი ლედის ჟაკლინ კენედის საქორწილო კაბა შეკერა. თუმცა, ტანსაცმლის დამზადებისთვის თავად ლოუს ოფიციალური ჯილდო არავისგან მიუღია. ლოუ პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელსაც მაღაზია ჰქონდა ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე. ის 1981 წელს გარდაიცვალა.
ვიქტორ გლემოდი
ვიქტორ გლემოდი ჰაიტიელ-ამერიკელი მოდის დიზაინერია, რომელიც ცნობილია საფირმო ფერადი ნაქსოვი სვიტერებით. ის ქუინსის ოლქში (ნიუ-იორკი) გაიზარდა და მოდის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სწავლობდა, სადაც დიზაინერ პატრიკ რობინსონის დიზაინის ასისტენტი გახდა. შემდეგ ვიქტორ გლემოდი პაკო რაბანის (Paco Rabanne) სტუდიის დიზაინერად მუშაობდა, მოგვიანებით კი მან Tommy Hilfiger-ის სტილიც შექმნა. ვიქტორ გლემოდი მოდის ინდუსტრიაში მრავალფეროვნების მტკიცე დამცველია.
წყარო: https://www.britannica.com/list/5-african-american-designers-who-changed-fashion