თეგებით ძიება

მიზანშეწონილი არ იყო შოვში ღამით ფრენის განხორციელება - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიას გადარჩენილი ადამიანები, საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, რადგან საფრთხე შესაძლოა დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს.

ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით.

„სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს. როგორც ყველასთვის ცნობილია, შექმნილი იყო ადგილობრივი საგანგებო შტაბი და მოქმედებდა დამატებით ცხელი ხაზი დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. დაკარგულ პირთა შესახებ შეტყობინებები შედიოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“, ასევე სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე. საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი. შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება, როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში", - ამბობს გომელაური.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა