საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინება განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტზე წარდგინება წარმოებაში მიიღო.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა №1797 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31 1 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 31 3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი", - აცხადებს საკონსტიტუციო.
ნათქვამია, რომ საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და პრეზიდენტის მონაწილეობით.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
ამას წინ უსწრებდა პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტი, სადაც ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებს შეხვდა.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.