მიხეილ სააკაშვილმა აღმოფხვრა ქურდული სამყარო და დღეს, "ოცნების" მხრიდან ეს სამყარო სრულად რეაბილიტირებულია - სოფო ჯაფარიძე (ვიდეო)
მიხეილ სააკაშვილმა აღმოფხვრა ქურდული სამყარო და დღეს, "ოცნების" მხრიდან ეს სამყარო სრულად რეაბილიტირებულია - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე გუშინ, გლდანში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, 22 სექტემბერს მომხდარი თავდასხმა ნათელი მაგალითია, რომ ქურდული სამყარო პოლიციასთან ერთად მუშაობს მოქალაქეების წინააღმდეგ.
"დიდი ბრძოლის შედეგად, მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად, შეძლო რომ ქვეყანაში სრულად აღმოეფხვრა ქურდული სამყარო და დღეს, "ქართული ოცნების" მხრიდან სრულად არის რეაბილიტირებული ეს სამყარო, ეს ადამიანები და ყველაზე დრამატული და მტკივნეული რაც არის, ქურდული სამყარო პოლიციასთან ერთად, სინქრონში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამას აკეთებს "ქართული ოცნება", ეს არის ის, რასაც ჩვენ გუშინ ვხედავდით." თქვა სოფო ჯაფარიძემ დიღმის პოლიციის სამმართველოსთან
შეგახსენებთ, ენმ-ის წევრს, თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გუშინ საღამოს გლდანში, საკუთარ სახლთან ხელკეტებით შეიარაღებული ირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძეს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. ის მომხდარში საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვას ადანაშაულებს.
თავდასხმას თბილისის საკრებულოში 22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის მომხდარი ხელჩართული ჩხუბი უძღოდა წინ.
ეძგვერაძეზე თავდასხმის შემდეგ, მასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები. ადგილზე პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც შსს-მ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავა. ისინი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
გარდა ამისა, პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა.