თეგებით ძიება

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ იღებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა - ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი ღარიბაშვილს

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ იშორებს თავის „ფანტომურ ტკივილებს“ და ვერ იღებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე.

„ოს ხალხს, რომელსაც არაერთხელ გამოუცდია საქართველოს „მშვიდობისმოყვარე“ დამოკიდებულება, მშვენივრად ესმის ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ღირებულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სამხრეთ ოსეთის კურსის უცვლელობას რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით, რომელიც არის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ან „რეალობის აღქმის პრობლემა აქვს, ან საკუთარ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს“.

„ღარიბაშვილი უბრალოდ ვერ ხვდება, რომ ოსებს, აფხაზებს და რუსებს აქვთ საკუთარი დიდი ოჯახი, სადაც ისინი ხელმძღვანელობენ ტრადიციული ღირებულებებით, სადაც პატივს სცემენ და უყვართ ერთმანეთს“, - წერს კოკოითი „ტელეგრამ“ არხზე.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს „ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი“. მან აფხაზებსა და ოს ოსებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩვენი ერთიანობის მტერი ჩვენი საერთო მტერია“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა