პოლიციელის მკვლელობასა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, იძულების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.
იმავე დღეს, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსს ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო ბინაში მყოფ მეორე პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა.
აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის ბინაში და ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა), 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.