თეგებით ძიება
26. 09. 2023 ვიდეო

ნიკა გვარამია პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ლიეტუვადან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერს ვიდეოს აქვეყნებს და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს.

"ლაზარე გრიგორიადისი დღეს არის ნამდვილად პირადი ტყვე რეჟიმის. მას მიუსაჯეს წელიწადნახევარი სრული სისულელისთვის, რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმისთვის, რომელიც ეხება მასსა და მამამისს შორის შელაპარაკებას. მისაჯეს იმიტომ, რომ იმყოფება პატიმრობაში აბსურდული მოლოტოვის კოქტეილის საქმისთვის, რომელსაც ვერ უმტკიცებენ, ვერც მტკიცებულებები მოაქვთ და იმისთვის რომ მას გასდიოდა პატიმრობის ვადა და იძულებულნი იყვნენ, რომ გაეშვათ, სასწრაფოდ შეთხზეს ეს მეორე საქმე, უფრო სწორად, ვითომ დაამთავრეს და ამ მეორე საქმის გამო მიუსაჯეს წელიწადნახევარი

მე ვარ ლაზარე,

შენ ხარ ლაზარე, 

ყველანი ვართ ლაზარეები და ვისაც თავისუფლება გვიყვარს ყველანი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბიჭი გარეთ გამოვიდეს.

გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ვნახოთ, თუ ვათავისუფლებთ ადამიანს ვინც ტყვეობაში იმყოფება, მაშინ ვიმსეჯლოთ ამაზე. თუ ვერ ვათავისუფლებთ, არ ვათავისუფლებთ და ეს არ გვაინტერესებს, სოციოლოგია არ არის პასუხი იმაზე, გვეკუთვნის თუ არა კანდიდატის სტატუსი. არც ჩვენი ისტორია და არც ციტატები "ვეფხისტყაოსნიდან";

ამას პირველ რიგში ვეუბნები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამ საღამოს ჩამოდის ვილნიუსში და რომლის მთავარი საქმე, გარდა მოყოლისა ყველასთვის, როგორ ეკუთვნის ქართველ ხალხს სტატუსი, არის ზუსტადაც რომ ასეთი თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების შეწყალება და საქმით იმის დამტკიცება, რომ საქართველოში თავისუფლება პატივცემულია ვინმეს მიერ მაინც და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც უნდა მივიღოთ სტატუსი.

ეს და არა აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან და არა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციიდან ამონარიდები და არა სოციოლოგიური კვლევების შინაარსი. ზუსტად თავისუფლების პატივისცემა, თავისუფლებისთვის ბრძოლა და ევროპული ღირებულებების ერთგულება არის ის, რის გამოც შეიძლება ან ვიმსახურებდეთ ამ სტატუსს, ან არ ვიმსახურებდეთ. მზა პასუხი ამაზე, როგორიც ჰგონია ზოგიერთებს, რომ არსებობს, კი, რა თქმა უნდა ვიმსახურებთ, არ არსებობს ესეთი მზა პასუხი. ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ და დავამტკიცოთ ამ წუთში და აქ, მათ შორის და პირველ რიგში ლაზარეს გამოხსნის საქმით. 

წარმატებები ყველას ლაზარეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მე ვარ ლაზარე, 

შენ ხარ ლაზარე, 

ყველანი ვართ ლაზარეები და ვიბრძვით უკეთესი მომავლისთვის და რაც მთავარია, ვიბრძვით თავისუფლებისთვს " ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, მარტის აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობის ვადა წლის ბოლომდე ეწურებოდა და სასამართლო, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, იძულებული გახდებოდა ის გაეთავისუფლებინა. ლაზარე გრიგორიადისს გუშინ, 25 სექტემბერს  ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა სულ სხვა საქმეზე მიუსაჯეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა