2026 წლამდე კალიფორნიის სკოლებს გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშოები დაემატება
კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსონმა, ახლახან მოაწერა ხელი კანონს, რომელიც შტატის ყველა სკოლას 2026 წლამდე გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშოების დამატებას ავალდებულებს. გუბერნატორის მიერ მიღებული კანონი იმ კანონთა შორისაა, რომლებიც კალიფორნიაში LGBTQ საზოგადოების უფლებების დაცვას ემსახურება.
ახალი კანონის მიხედვით, კალიფორნიის თითოეულ სკოლას მოეთხოვება შენობაში მინიმუმ ერთი გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშო ჰქონდეს 2026 წლის პირველ ივლისამდე. საპირფარეშო ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც საგაკვეთილო პროცესის პერიოდში, ასევე ნებისმიერ დროს, როცა მოსწავლეები სკოლაში იმყოფებიან. კანონი ასევე მოითხოვს, რომ გენდერულად ნეიტრალურ საპირფარეშოს ისეთი ნიშანი ჰქონდეს, რომელიც მიუთითებს, რომ ეს სივრცე ნებისმიერი გენდერის ადამიანისთვის ხელმისაწვდომია.
"კალიფორნია ამაყობს იმით, რომ როდესაც საქმე LGBTQ საზოგადოების დაცვასა და მხარდაჭერას ეხება, მთელს ქვეყანაში ყველაზე მტკიცე კანონები გვაქვს", — ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.