სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.
შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ გადაწყვეტილებამ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა.
სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.
1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდნენ, ვინაიდან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა.
შეთანხმების მიუხედავად, აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და სოხუმში წინააღმდეგობა გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა.
ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა.
14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი.
დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი.