სასამართლომ დონალდ ტრამპი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო - მედია
დასავლური მედიის ცნობით, მოსამართლე არტურ ენგორონმა დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მრავალი წლის განმავლობაში თაღლითობის გზით აშენებდა უძრავი ქონების იმპერიას, რომელმაც ის „დიდებამდე და თეთრ სახლამდე მიიყვანა“. ამის შესახებ Associated Press წერს.
დასავლური მედიის ცნობით, ნიუ იორკის გენერალური პროკურატურის მიერ შეტანილი სამოქალაქო სარჩელის განხილვისას, მოსამართლემ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა და მისმა კომპანიამ მოატყუეს ბანკები, სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებსაც მის აქტივებზე გადაჭარბებული წარმოდგენა შეუქმნეს და დოკუმენტებში მისი კაპიტალი გაბერილად წარმოაჩინეს.
როგორც AP წერს, მოსამართლემ დონალდ ტრამპის გარკვეული ბიზნეს ლიცენზიების გაუქმების განკარგულება გასცა, რაც მისთვის ნიუ იორკში ბიზნესის კეთებას გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის.
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ ისურვა.
როგორც ცნობილია, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენეტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში თავს უდანაშუალოდ ცნობს.