„უნდა დაიბეგროს? კურთხევა ათავისუფლებს თუ არა გადასახადებისაგან?“ - რომან გოცირიძე ოთარ ფარცხალაძის ეკლესიაზე
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს პარლამენტში განვიხილეთ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები. კურიოზული საკითხი წამოიჭრა:
საქართველოს კანონმდებლობით რელიგიური ორგანიზაციები განთავისუფლებულნი არიან ქონების გადასახადისაგან. მაგ. “გირჩის” კერძო ეკლესიაც კი, რომლის დამფუძნებლები გირჩის ლიდერები არიან, არ იხდის ქონების გადასახადს.
როგორც გაირკვა, ყოფილ გენერალურ პროკურორს და შეთავსებით რუსეთის აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს კერძო საკუთრებაში ჰქონია ეკლესია. ჩვენი კითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილისადმი იყო, იხდის თუ არა იგი ქონების გადასახადს. პასუხი იყო, რომ თუ რელიგიური ორგანიზაცია აქვს დარეგისტრირებული და ეს ნაგებობა მას ეკუთვნის, მაშინ არ იბეგრება. როგორც ვიცით, ეს შენობა, რომელიც ეზოში უდგას, კერძო პირის საკუთრება იყო, რომელიც ამ დღეებში შვილს გადაუფორმა. გამოდის, რომ უნდა გადაიხადოს ქონების გადასახადი, მაგრამ აქ იწყება კომიკური ამბავი: ეს შენობა ნაკურთხია საპატრიარქოს მიერ, ემსახურება გამოძახებით მღვდელო და რელიგიურად აქვს ეკლესიის სტატუსი, მაგრამ იურიდიულად არ ეკუთვნის საპატრიარქოს.
უნდა დაიბეგროს? კურთხევა ათავისუფლებს თუ არა გადასახადებისაგან?“ - წერს გოცირიძე.