ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი საარჩევნო სია, პოლიტიკური პლატფორმა და ხედვაც, თუმცა აუცილებელია ყველამ გაასწოროს ფოკუსი - თინა ბოკუჩავა ნიკა მელიაზე
არ არის აუცილებელი, რომ ფორმალურად ყველა ერთი საარჩევნო სიით ასპარეზობდეს, თუმცა ყველა პროდასავლელმა პოლიტიკოსმა უნდა გაასწოროს ფოკუსი - ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დააზიანებს თუ პირიქით, სასარგებლო იქნება ნიკა მელიას გასვლა პარტიისთვის, თუკი მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ბოკუჩავას თქმით, იმედი აქვს, რომ სამიზნეს ყველა გაასწორებს.
"მე ვერავის პოლიტიკურ პერსპექტივაზე წინმსწრებად ვერ ვისაუბრებ, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი, ვის რა ელექტორალური მხარდაჭერა ექნება.
შემიძლია ვთქვა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით, რომ ვიბრძოლებთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად და იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს პროდასავლური მთავრობა. იცით, რომ ჩვენ მიგვაჩნია სინერგიული მოძრაობა და მაქსიმალური კოორდინაცია მნიშვნელოვან წინაპირობად ამ არჩევნებში, მაგრამ არ არის მაინც და მაინც აუცილებელი, რომ ფორმალურად ყველა ერთი საარჩევნო სიით ასპარეზობდეს. ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი საარჩევნო სია, შეიძლება პოლიტიკური პლატფორმაც და ხედვაც, თუმცა, აუცილებელია ყველა პროდასავლელმა პოლიტიკოსმა გაასწოროს ფოკუსი, გაასწოროს სამიზნე და დიდი იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს კონკრეტული მტერი - ესაა რუსეთი და მისი ხელდასმული ხელისუფლება, რაზეც ღიად მეტყველებს ისიც, რომ ივანიშვილის საკვანძო ფიგურები, როგორიც არის ფარცხალაძე, არიან სანქცირებული აშშ- ის მიერ სწორედ იმის გამო, რომ მავნე ზეგავლენას ახდენენ ქართულ პოლიტიკაზე რუსეთის დავალებით. იმდენად ცხადია ეს სურათი, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომ ამ ერთი მიზნის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ ყველა,"- განაცხადა ბოკუჩავამ.